განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ ქეთევან ნატრიაშვილი დაინიშნა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ ქეთევან ნატრიაშვილი დაინიშნა. ნატრიაშვილი მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მარგველაშვილის დროსაც მუშაობდა.

რაც შეეხებათ მინისტრის ყოფილ მოადგილეებს, მათ უფლებამოსილება უწყდებათ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ დავით ზურაბიშვილი განათლების მინისტრის მოადგილე აღარ იქნება.

"დავით ზურაბიშვილს მოადგილის რანგში არ განვიხილავ, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი პოლიტიკური გამოცდილება გასაზიარებელია და მას ჩემი მრჩევლის პოზიციას შევთავაზებ", - განაცხადა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

დავით ზურაბიშვილი კი აცხადებს, რომ არ აპირებს მიიღოს ახალი განათლების მინისტრის შეთავაზება, მინისტრის მოადგილის თანამდებობის ნაცვლად, მინისტრის მრჩევლის პოზიციის დაკავების შესახებ.

"ეს ცოტა არ იყოს შეურაცხმყოფელია და არავითარ მრჩევლობას არ ვაპირებ", - აცხადებს  ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მის მიმართ პრეტენზიები, წინა განათლების მინისტრს და ამჟამად ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილსაც ჰქონდა.

"ბატონი მარგველაშვილიც თვლიდა და, როგორც ჩანს, ქალბატონი სანიკიძეც თვლის, რომ ეს მე ვერ ვართმევდი თავს დაკისრებულ მოვალეობას და ცოტა სასაცილოდ მეჩვენება ამ სფეროში ჩემს კვალიფიკაციაზე საუბარი", - აცხადებს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, დავით ზურაბიშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემდეგ დაინიშნა. პრემიერის ბრძანებით მას უფლებამოსილება 18 ივლისს შეუწყდა, მას შემდეგ რაც გიორგი მარგველაშვილმა განათლების მინისტრის პოსტი დატოვა. 

კომენტარები