განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

პრემიერი: დავით ზურაბიშვილის ასეთი რეაქცია ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts
პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, დავით ზურაბიშვილის განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.
 
პრემიერის თქმით, განვითარებულ მოვლენებს რესპუბლიკურ პარტიასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ზურაბიშვილის მკვეთრი რეაქცია მისთვის გაუგებარია. 
 
"გაუგებარია, თუ ზურაბიშვილს ასეთი რეაქცია ჰქონდა. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია. ე.ი. ამ ქალბატონმა აბსოლუტურად სწორი არჩევანი გააკეთა. თუ ზურაბიშვილის რეაქცია იყო მკვეთრი, ესე იგი, მინისტრი ყოფილა ძალიან ჭკვიანი და ძალიან სწორი არჩევანი გაუკეთებია. მე ამას მხარს ვუჭერ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
 
ივანიშვილის განმარტებით, ზურაბიშვილს პარლამენტის თავმჯდომარემ და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა შუამდგომლობა გაუწიეს, რომ მინისტრის მოადგილედ დარჩენილიყო, რასაც ის თავდაპირველად დაეთანხმა, თუმცა თამარ სანიკიძემ დაარწმუნა, რომ უმჯობესი იქნებოდა "საკუთარი გუნდის ჩამოყალიბების საშუალება მისცემოდა".
 
”მე მქონდა საუბარი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთან, გაუწიეს მას შუამდგომლობა რომ მინისტრის მოადგილედ დარჩენილიყო, რაზეც მე დავეთანხმე. ამის შემდგომ მე დღეს მოვახრეხე მთავრობის სხდომის დროს გავსაუბრებოდი მინისტრს. მოგეხსენებათ, რომ ბიზნესიდან მოვედი და მთავრობის შემთხვევაშიც ესეა, რომ თუ ნიშნავ უფროსს, მას უნდა მისცე საშუალება, გუნდიც თვითონ დააკომპლექტოს. მე მისი გამონათქვამის შემდეგ ცოტა შევფერხდი და მთხოვა, რომ იქნება მიმეცა საშუალება და მე ჩემს ხასიათს ვერ ვუღალატე, მიუხედავად იმისა რომ მე მქონდა საშუალება დამეტოვებინა ზურაბიშვილი, იყო ამის სურვილი. მე მინისტრმა ძალიან მოკლე დროში დამარწმუნა და მიმანიშნა იმაზე, რაც სწორია, რომ მას უნდა ჰქონოდა საშუალება თავად ჩამოეყალიბებინა თავისი გუნდი. ამის უფლება მას მივეცი და ეს არის ნორმალური", - აღნიშნა პრემიერმა.
 

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ბიძინა ივანიშვილს განუცხადა, რომ ის ძველი კადრებიდან მხოლოდ ერთი მოადგილისა და დეპარტამენტის ერთი ხელმძღვანელის დატოვებას აპირებს. საკინიძის განმარტებით, სამინისტროში ბევრი საქმე დაგროვდა, რომლის მოგვარებასაც ”მხოლოდ პროფესიონალები შეძლებენ”. 

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების სურვილი ჰქონდა, თუმცა მინისტრს "საკუთარ დანიშვნებს თავს არ მოახვევს", რისთვისაც სანიკიძემ მას მადლობა გადაუხადა. 

"პოლიტიკური გადაწყვეტილებები გასაგებია, თუმცა, ვფიქრობ, სამინისტროში ისეთი სპეციფიკის საქმეა დაგროვილი, მარტო, პროფესიონალების გარეშე თავს ალბათ ვერ გავართმევ", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ. 

ბიძინა ივანიშვილმა მინისტრის პრინციპულ პოზიციას გაუსვა ხაზი და მას კერკეტი კაკალი უწოდა.

"აბსოლუტურად მოგცემთ ამის შესაძლებლობას. ყველა მინისტრს მივეცი მოადგილეების არჩევის საშუალება. მქონდა პოლიტიკური დატვირთვა, მაგრამ რადგან თქვენ ასეთი პრინციპული პოზიცია გაქვთ, თავს შევიკავებდი", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

შეგახსენებთ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ დავით ზურაბიშვილი განათლების მინისტრის მოადგილე აღარ იქნება.
 
"დავით ზურაბიშვილს მოადგილის რანგში არ განვიხილავ, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი პოლიტიკური გამოცდილება გასაზიარებელია და მას ჩემი მრჩევლის პოზიციას შევთავაზებ", - განაცხადა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
 
დავით ზურაბიშვილი კი აცხადებს, რომ არ აპირებს მიიღოს ახალი განათლების მინისტრის შეთავაზება, მინისტრის მოადგილის თანამდებობის ნაცვლად, მინისტრის მრჩევლის პოზიციის დაკავების შესახებ.
 
"ეს ცოტა არ იყოს შეურაცხმყოფელია და არავითარ მრჩევლობას არ ვაპირებ", - აცხადებს  ზურაბიშვილი.
 
ზურაბიშვილის თქმით, მის მიმართ პრეტენზიები, წინა განათლების მინისტრს და ამჟამად ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილსაც ჰქონდა.
 
"ბატონი მარგველაშვილიც თვლიდა და, როგორც ჩანს, ქალბატონი სანიკიძეც თვლის, რომ ეს მე ვერ ვართმევდი თავს დაკისრებულ მოვალეობას და ცოტა სასაცილოდ მეჩვენება ამ სფეროში ჩემს კვალიფიკაციაზე საუბარი", - აცხადებს ზურაბიშვილი.
 
 

კომენტარები