დავით მარსაგიშვილი

მარსაგიშვილი: ვგმობ და ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას

დავით მარსაგიშვილი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და 84კგ. წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ მისივე ინტერვიუს გამოეხმაურა. ერთ-ერთმა ინტერნეტ საიტმა სპორტსმენთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მარსაგიშვილი აცხადებს, რომ გენდერული თანასწორობა მისთვის მიუღებელია და საჭიროების შემთხვევაში, ქალისთვის ხელის დარტყმას და ფიზიკურ შეურაცხყოფას დასაშვებად მიიჩნევს. მოჭიდავის თქმით, ხსენებული ინტერვიუს გამო საზოგადოება მას აკრიტიკებს, თუმცა მოჭიდავე აცხადებს, რომ სინამდვილეში მის მიერ გაკეთებული კომენტარი ხუმრობა იყო და სინანულს გამოთქვამს, რომ ჟურნალისტმა ამ ფაქტს ხაზი არ გაუსვა. მარსაგიშვილის თქმით, ის გმობს და ემიჯნება ყოველდგვარ ძალადობას. დავით მარსაგიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გამარჯობა,
გულისტკივილით მინდა გამოვეხმაურო სოფიო ბოჭორიძის სტატიას რომელიც 23 ივლისს ნიუს პორტალ sana.ge მეშვეობით გაავრცელდა.
რამდენიმე დღეა საზოგადოება მაკრიტიკებს, იმ ინტრვიუს გამო, რომელიც არასწორად იქნა ინტერპრეტტირებული. არ ვიმყოფები თბილისში, ამიტომ ვერ შევძელი გამოხმაურება.
მინდა განვმარტო და დავაფიქსირო ჩემი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება რიგი საკითხების მიმართ. 
მესმის გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა. ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზებისათვის, მამაკაცი და ქალი სახელმწიფომ შესაძლებელია განიხილოს როგორც თანასწორუფლებიანი, დამოუკიდებელი სოციალური ერთეულები, მაგრამ ჩემი პიროვნებისთვის მიუღებელია . ტრადიციულ ოჯახში ვარ აღზრდილი და მწამს ისე, როგორც ქრისტიანული მორალი მასწავლის, ქალი ღვთისმშობლის ხატება და მსგავსებაა, მართებს მორჩილება ღვთისა და კაცის. 
გულისტკივილით ვისაუბრე მოხევე ბავშვებზე რომლებსაც, სოფლად, არ აქვთ საშუალება საკუთარი უნარ-ჩვევების რელიზაებისა. აღვნიშნე, რომ ქალაქში მეტი საშუალება და პირობაა. შეურაწყოფა არავისთვის მიმიყენებია. სიტყვა „ჩლუნგი“ საკუთარ თავს მოვარგე, როდესაც ვთქვი, ალბათ სოფელში დავჩლუნგდებოდითქო.
დაბოლოს, ფრაზა, რომელმაც თითქმის ყველა ნიუს პორტალის მთავარ გვერდზე გაიჟღერა : „როცა ქალი დამნაშავეა და თან ტლიკინებს, უნდა შემოარტყა, აბა, რა უნდა ქნა?! „.
როგორც მჩვევია, ინტერვიუ მხიარულად ჩავწერე. ფრაზა, რომელმაც ერთგვარი სკანდალი გამოიწვია, რა თქმა უნდა ვიხუმრე, დარწმუნებული ვიყავი ჟურნალისტი წინადადების ბოლოს, ძალიან მარტივად, ფრჩხილებში ემოციას დააფიქსირებდა და დაწერდა - იცინის. 
ვგმობ და ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას! 
ცხოვრების წესით ყოველ წუთს და ყველაგნ ვამტკიცებ ჩემი ქვეყნისა და ხალხის სიყვარულს, დიდი იმედი მაქვს, „განაწყენებული“ საზოგადოება გამოიჩენს კეთილგონიერებას, და ე.წ ყვითელი პრესას არ მისცემს ამ თემით მანიპულირების საშუალებას. 
თავს არ ვიმართლებ, უბრალოდ, - „მოყვასზე ცუდის მთქმელი გველს ჰგავს, ღუპავს მსმენელის სულს და ვერც საკუთარს აცხოვნებს“.
ვინც რა უნდა წეროს და ილაპარაკოს, - ეს ჩემი სიმართლეა.

დათო მარსაგიშვილი"

კომენტარები