საქართველოს საკალათბურთო ნაკრები

თორნიკე შენგელია: ნაკრებს ევრობასკეტზე ვერ დავეხმარები

თორნიკე შენგელია

საქართველოს ნაკრების და ბრუკლინ ნეტსის ფორვარდი თორნიკე შენგელია 31 ივლისს მუხლზე მენისკის ოპერაციას გაიკეთებს. კალათბურთელმა ტრავმა რამდენიმე დღის წინ, საზაფხულო კემპის დროს მიიღო. თავდაპირველად არსებობდა შანსი, რომ შენგელიას ოპერაცია არ დასჭირდებოდა და საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე დაეხმარებოდა. ბრუკლინ ნეტსის გენერალური მენეჯერის ბილ ნაითის განცხადებით, ფოვარდის ოპერაცია გარდაუვალია. თუ რამდენი ხანი დასჭირდება შენგელიას ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციისთვის, ჯერჯერობით უცნობია.

"სამწუხაროდ, კლუბის გენერალური მენეჯერის ინფორმაცია მართალია: დღეს ექიმებმა შემატყობინეს, რომ მენისკის ოპერაცია ოთხშაბათს - 31 ივლისს აუცილებლად უნდა გავიკეთო შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად. 

ვწუხვარ, რომ ნაკრებს წლევანდელ ევრობასკეტზე ვერ დავეხმარები, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, რეაბილიტაციას და მოედანზე დაბრუნებას ოქტომბრამდე ვერ შევძლებ. 

იმედია, ჩვენი ბიჭები სლოვენიაში გაორკეცებული ენერგიით ითამაშებენ და სასურველ შედეგსაც მიაღწევენ", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ გაზეთ ლელოსთან საუბარში.

კომენტარები