იუსტიციის მინისტრი

წულუკიანი უწყებათაშორის კომისიაზე: დავიწყოთ იმით, რომ ბოკერიასი არ მჯერა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გაზეთ მთელ კვირასთან ინტერვიუში უწყებათაშორისი კომისიის უშიშროების საბჭოდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის საკითხს გამოეხმაურა.   

"დავიწყოთ იმით, რომ გიგა ბოკერიასი არ მჯერა", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

წულუკიანის თქმით, იგი, ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად, საპარლამენტო არჩევნების წინ, ქართული ოცნების წარმომადგენელი იყო უწყებათაშორის კომისიაში და თავად უნახავს, როგორ მუშაობს "ეს ადამიანი".

"რა ფაქტიც არ უნდა მიგვეტანა საარჩევნო დარღვევის შესახებ (ფოტო და ვიდეომასალა), ის არასდროს რეაგირებდა და შემოდიოდა პოლემიკაში. მიმტკიცებდა, რომ ყველაფერი ეს იყო ჩვენს მიერ დადგმული პროვოკაცია და არა საარჩევნო დარღვევა", - აცხადებს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრი, მისი პირადი "ცუდი" გამოცდილებიდან გამომდინარე, უშიშროების მდივანს არ ენდობა და უკვირს, რომ ბოლო დროს კომისიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია კომისიის წევრებისგან განსხვავებულ აზრს გამოთქვამს.

"პარლამენტმა ჩათვალა, რომ კომისიის ეფექტური მუშაობისთვის საჭიროა ერთსულოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ის, რომ ბოკერიას ხელმძღვანელობით კომისია იქცა უუნარო, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ორგანოდ, ეს ფაქტია. ამაზე იყო შიდა დებატებიც და გადაწყდა, რომ კომისია იუსტიციის სამინისტროში უნდა გადმოვიდეს", - აცხადებს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრი უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის დადებით მომენტებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ თუკი კომისია რაიმე თვალსაზრისით იყო ეფექტიანი, "ეს მთლიანად თამარ კინწურაშვილის დამსახურებაა".

"კინწურაშვილის ეფექტიანობაში იმას ვგულისხმობ, რომ მისთვის რა მომენტშიც არ უნდა დაგერეკა, ყოველთვის პასუხობდა და ძალიან ბევრჯერ დაურეკავს პოლიციისთვის და შეუჩერებია, როდესაც ჩვენს აქტივისტებს სრულიად უკანონოდ აკავებდნენ. მას ყველა ძალოვან სტრუქტურასთან ჰქონდა დროული კონტაქტი და იყო ყურადღებიანი. ეს პრინციპი უნდა შევინარჩუნოთ", - აცხადებს წულუკიანი.

 

კომენტარები