ლუგარის ცენტრი

ონიშჩენკო: ქართული მხარის განმარტებები პრიმიტიული და არაპროფესიულია

owap.ge

რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების განმარტებები თბილისში მოქმედი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის არადამაკმაყოფილებელია.

ონიშჩენკოს თქმით, ლაბორატორია "პირდაპირ საფრთხეს" წარმოადგენს. "თუ, მაგალითად, თოფი გაქვს, მისი მეშვეობით ორკესტრის დირიჟირებას ნამდვილად არ დაიწყებ", - განაცხადა მთავარმა სანიტარმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბიოლაბორატორია ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. "იგივე წარმატებით მისი კულტურის სამინისტროზე დაქვემდებარება შეიძლებოდა, რაც ქართველი ხალხის დიდი კულტურისთვის დაცინვა იქნებოდა", - აღნიშნა ონიშჩენკომ.  

"სპეციალური მოწყობილობების არსებობა, ლაბორატორიაში ამერიკელი სამხედრო ბაქტერიოლოგების მუშაობა, რაც ჩვენთვის ცნობილია, კიდევ უფრო დიდი ეჭვის ქვეშ აყენებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს ნდობის გზით იაროს და არა ამერიკელი სამხედროების პრიმიტიულ ლეგენდებს მოემსახუროს", - თქვა რუსეთის მთავარმა სანიტარმა.

მისი განცხადებით, რუსეთის შეშფოთების საპასუხოდ, "ჩვენ მოვისმინეთ ნაჩქარევი და არაკვალიფიციური კომენტარები საქართველოს სამედიცინო და დიპლომატიური უწყებების მხრიდან. ეს კომენტარები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ეჭვებს, რომ ეს ობიექტი არ ექვემდებარება ადგილობრივ ხელისუფლებას. ამ განმარტებების პრიმიტიულობაში ამერიკელი სამხედროების ხელი იგრძნობა".  

შეგახსენებთ, შეშფოთება საქართველოს ტერიტორიაზე "აშშ-ის საზღვაო ძალების ბიოლოგიური ლაბორატორიის არსებობასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება", გენადი ონიშჩენკომ 20 ივლისს გამოთქვა.

მანამდე, 19 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ბიოლოგიური საქმიანობა რუსეთის საზღვრების სიახლოვეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს".

რუსული მხარე ლაბორატორიის საქმიანობით შეშფოთებას იმის მიუხედავად გამოთქვამს, რომ ობიექტის მონახულების საშუალება რუს ექსპერტებს მანამდე ორჯერ მიეცათ, რასაც ოფიციალური თბილისი ადასტურებს.

რი­ჩარდ ლუ­გა­რის სა­ხე­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრი 2011 წლის მარტში გაიხსნა. მისი დანიშნულება   ადამიანებსა და ცხოველებში განსაკუთრებით საშიში ინფექციების აღმოჩენა, პათოგენებზე მეცნიერული კვლევების ჩატარება და ინფექციური დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა გახდა. ცენტრის შესაქმნელად აშშ-მა 100 მილიონი დოლარი გამოყო. ლაბორატორიაში ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები მუშაობენ.   

2013 წლის 7 მა­ი­სის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, რი­ჩარდ ლუ­გა­რის სა­ხე­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლად გა­მოც­ხადდა. ცენ­ტრის ქო­ნე­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლ ცენტრს გა­და­ე­ცა. ცენტრის ლიკვიდაციისა და ქონების გადაცემის ვადად ექვსი თვე განისაზღვრა. 

კომენტარები