დაკავება

ციხეში ნარკოტიკის შეტანის მცდელობისთვის ადვოკატი დააკავეს

ციხეში ნარკოტიკის შეტანის მცდელობისთვის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადვოკატთა ასოციაციის წევრი დააკავეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

"ე.მ. რომელიც სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი მსჯავრდებულის ინტერესებს იცავდა, აღნიშნულ დაწესებულებაში შევიდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულისთვის, ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველი მცირე რაოდენობით ნივთიერების გადაცემა სცადა, რა დროსაც, ის ზემოხსენებული დეპარტამენტების თანამშრომლებმა დააკავეს. აღნიშნული ფაქტის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-378 პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის აკრძალული საგნის გადაცემის მცდელობას, რომელიც ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას უკვე შეუფარდა გირაო. 

 

კომენტარები