საქართველოს რაგბის კავშირი

სახელმწიფო ქართულ რაგბის დამატებით 3.600.000 ლარს გამოუყოფს

ლევან ყიფიანი
msy.gov.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, მინისტრი ლევან ყიფიანი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გია ნიჟარაძესა და საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტებს, ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს შეხვდა. შეხვედრა, რომელსაც ეროვნული ნაკრების კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი და რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი ირაკლი აბუსერიძეც ესწრებოდნენ, მთავრობის გადაწყვეტილებას ეხებოდა. რამდენიმე თვის წინ, გია ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ქართულ სარაგბო კლუბებს დამატებითი დაფინანსება სჭირდებოდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მძიმე ვითარებაში ჩავარდებოდნენ. ყიფიანმა დამსწრეებს გააცნო, რომ 2013 წლის ბოლომდე მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის რაგბის კლუბებისათვის დამატებითი ინვესტიცია განხორციელდება და 3.600.000 ლარი გამოიყოფა.

"აუცილებელია იმ შედეგების მხარდაჭერა, რასაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა და რაგბის კავშირმა მიაღწიეს. რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ინვესტიციები ბიზნესიდან წამოსულიყო და მომავალში ალბათ ასეც იქნება, მაგრამ სახელმწიფომ ყოველთვის უნდა წაახალისოს ის დარგი, რომელიც წარმატებებს აღწევს. განხილული იქნა ეს ყველაფერი და ყველამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ამ წარმატებების განვითარება უნდა მოხდეს", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

თუ როგორ განხორციელდება მონიტორინგი, რომ გამოყოფილი თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს, ამაზე მინისტრს კონკრეტულად არ უსაუბრია. მან აღნიშნა, რომ ეს შემდგომში გამოჩნდება.

გია ნიჟარაძემ განაცხადა, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება ქართულ რაგბის ძალიან წაადგება. 

"უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ლევან ყიფიანს და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა მთავრობის წევრებს, რომლებმაც საკმაოდ არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღეს. ამის გაკეთება იოლი არ იყო, რადგან ბიუჯეტიდან ფულს წელს ვერ მოგვცემდნენ. გამოიძებნა სხვა გზები, სხვა ვარიანტი და დროებით ეს პრობლემები გადავწყვიტეთ. ეს თანხა ალბათ ორი წელი იქნება საკმარისი, შემდეგ ქვეყანა განვითარდება, ბიზნესი მოტივირებული გახდება, კერძო ინვესტიციები გაიზრდება, მაგრამ მთავარია, რომ ახლა ჩავაქრეთ ხანძარი და დროებით გადავწყვიტეთ პრობლემა", - განაცხადა გია ნიჟარაძემ.

 

კომენტარები