კანონპროექტი

უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე რეგულაციები იზრდება

www.radiotavisupleba.ge

პარლამენტმა 92 ხმით პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც აჩერებს სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსის შეცვლას არასასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსით. კანონპროექტის ინიციატორები ქართული ოცნების დეპუტატები გიგლა აგულაშვილი და ზურაბ ტყემალაძე არიან. მის მიხედვით, 2014 წლის 31 დეკემბრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისთვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი განპირობებულია სახელმწიფო ანდა საზოგადოებრივი საჭიროებით, რასაც აფასებს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.

ახალი რეგულაციების ავტორები იყვნენ იმ კანონპროექტის ინიციატორებიც, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელი მოქალაქეების და კომპანიებისთვის მიყიდვა იკრძალება 2014 წლის 31 დეკემბრამდე. გიგლა აგულაშვილმა, რომელიც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ იმ მოქალაქეთა განაცხადების რაოდენობა, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მიწების სტატუსის შეცვლას ითხოვენ, მას შემდეგ გაიზარდა, რაც 17 ივლისს ძალაში შევიდა უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვაზე მორატორიუმი. ახალი რეგულაციების მთავარი მიზანიც, მისივე თქმით, იმ სამართლებრივი ხვრელის დახურვაა, რომელსაც მიწის მესაკუთრეები სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვაზე უცხოელებისთვის დაწესებული მორატორიუმის გვერდის ავლისთვის იყენებენ. აგულაშვილის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სულ 65 ჰექტარი მიწის სტატუსის შეცვლაზე გაკეთდა განაცხადი.

ნაციონალურმა მოძრაობამ ორივე ინიციატივა გააკრიტიკა და მას პოპულისტური ნაბიჯი უწოდა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას და საინვესტიციო გარემოს დიდ ზიანს მიაყენებს.

 

კომენტარები