კულტურის სამინისტრო

სტალინის ძეგლი საბჭოთა ბელადის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე აღიმართება

facebook.com

საქართველოს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტალის ძეგლი გორში კვლავ აღიმართება.

სამინისტრომ დააკმაყოფილა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის თხოვნა, საბჭოთა ლიდერის ქანდაკების აღდგენასთან დაკავშირებით.

"კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განიხილა თქვენი წერილი ქ. გორში, სტალინის გამზირზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სტალინის ქანდაკების გადაადგილებისა და მისი სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე განთავსების თაობაზე. სამინისტროსთვის მიზანშეწონილია სტალინის ქანდაკების განთავსება მუზეუმის უშუალო სიახლოვეს, ვერსია №1-ის შესაბამისად, მაგრამ აუცილებლად მიგვაჩნია შემდეგი რეკომენდაციის გათვალისწინება: უნდა მოხდეს პოსტამენტის ზომის კორექტირება - კერძოდ შემცირება, რათა მისი მასშტაბი შესაბამისობაში მოვიდეს ახალ ადგილთან", - ნათქვამია კულტურის მინისტრის მოადგილის მანანა ბერიკაშვილის წერილში, რომელიც Facebook-ზე გავრცელდა 

apsny.ge-ის ინფორმაციით, სტალინის ძეგლის აღმართვა მისი სახლ-მუზეუმის წინ, საბჭოთა ბელადის დაბადების დღისთვის - მიმდინარე წლის 21 დეკემბრისთვის იგეგმება.  

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 20 დეკემბერს სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც გორის საკრებულოს წევრები სტალინის ძეგლის აღდგენის ბიუჯეტზე საუბრობენ. ვიდეოს მიხედვით, ძეგლის აღდგენისთვის 5000 ლარი გამოიყოფა. ამავდროულად, ამერიკულმა გამოცემა New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც სტალინის ძეგლის აღდგენაზეა საუბარი. სტატიაში აღნიშნულია, რომ სტალინის ძეგლის აღდგენას მოსახლეობას ქართული ოცნების წევრების გარკვეული ნაწილი ჰპირდებოდა.

კომენტარები