პარტიების დაფინანსება

დავით უსუფაშვილი პარტიების დაფინანსებაზე: მე ეს მოდელი არ მომწონს

Usupashvili, Republican Party Chairman and member of Georgian Dream opposition bloc speaks during an interview with Reuters at his office in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

"პარტიების დაფინანსების საკითხის განხილვა თავიდან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩავთვალეთ უპრიანად, თუმცა რადგან ეს თემა ყველასთვის ასეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, გადავწყვიტეთ გადმოგვეწია. მე ეს მოდელი არ მომწონს. პარტიების დაფინანსება არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ არ უნდა იცვლებოდეს. ახალი წესი დროებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე იმუშავებს, ხოლო ადგილობრივი არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი ფორმულა შემუშავდება", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი პარტიებს წლის ბოლომდე ისეთი მოდელის შემუშავებისკენ მოუწოდებს, რომელიც უფრო გამართული იქნება.

"საუბარი იმის შესახებ, რომ სხვა თემები გვაინტერესებდა და ფული რა შუაშია, არ უნდა იყოს. პოლიტიკურ პარტიებს ფული სჭირდება, რადგან ვიცით, სადამდე მიდის არასწორი ფული და არასწორი დაფინანსება. მომზადებული მოდელით, ყველა ის პარტია, ვისაც დაფინანსება ეკუთვნოდა, გაორმაგებულ დაფინანსებას მიიღებს. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ პარტიები, ვისაც დაფინანსება არ ეკუთვნოდა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 29 ივლისს, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების წესი საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეიცვლება. მოგვიანებით, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა წარმოადგინა მოდელი, რომლის თანახმადაც საბიუჯეტო დაფინანსება გაეზრდება როგორც საპარლამენტო პარტიებს, ასევე იმ არასაპარლამენტო პარტიებს, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს და ბარიერს მიღმა დარჩნენ.

 

კომენტარები