წინასაარჩევნო გარემო

შსს და იუსტიციის სამინისტრო გიგა ბოკერიას პასუხობს

წინასაარჩევნოდ გამოკითხვის ჩატარებით საჯარო მოხელეებზე შესაძლო ზეწოლის თაობაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებას საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები პასუხობენ.

შსს და იუსტიციის სამინისტროები არ ეთანხმებიან უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის განცხადებას, მიზეზად კი ორ ძირითად არგუმენტს აყალიბებენ.

"განცხადების მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში საჯარო მოხელეებისათვის ცალკეული კითხვარის შევსების შეთავაზება, რომელიც შეიცავს კითხვებს პარტიულობის, პოლიტიკური პრეფერენციებისა და რეგიონალური წარმომავლობის შესახებ, შესაძლოა, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე ზემოქმედების მცდელობად და ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებით გამოყენებად იქნეს აღქმული. საქართველოს საარჩევნო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებით გამოყენების აკრძალული შემთხვევების ამომწურავ ჩამონათვალს. კერძოდ, კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს ეკრძალება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ თავიანთი შენობების, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებების, ტექნიკის გამოყენება, საინფორმაციო მომსახურების გაწევა. მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებით გამოყენებას, რადგანაც, როგორც თავად განცხადებაში ფიქსირდება, გამოკითხვა ტარდებოდა ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ამავე დაწესებულის თხოვნით, რომელსაც დახმარებას უწევდა მთავრობის კანცელარია და რომლის მიზანი იყო "საჯარო სექტორში დასაქმების განმაპირობებელი ფაქტორების ანალიზი". ამდენად, საქმე არ გვაქვს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რომელიმე საარჩევნო სუბიექტის დახმარებასთან ან რომელიმე საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებასთან", - ნათქვამი სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.

უწყებების მიერ წარმოდგენილი მეორე არგუმენტი გამოკითხვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის დებულებებთან შესაბამისობის საკითხს შეეხება.  

"აღსანიშნავია, რომ ანონიმური კითხვარის შევსება სავალდებულო არ იყო. გარდა ამისა, როდესაც მონაცემთა სუბიექტი ავსებს კითხვარს ისე, რომ იცის, რა მიზნით მოხდება მისი გამოყენება, ამით იგი გამოხატავს თანხმობას დეკლარირებული მიზნის ფარგლებში მის მიერ მითითებული მონაცემების შემდგომ გამოყენებაზე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

კომენტარები