სახალხო დამცველის ანგარიში

პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

დღეს, 30 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები უჩა ნანუაშვილს 3 საათის განმავლობაში უსმენდნენ, მოგვიანებით კი სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშთან დაკავშირებით სპეციალური დადგენილება 81 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღეს.

სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე მომზადებული პარლამენტის დადგენილება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში შემუშავდა.

"ბოლო 9 წლის შემდეგ პირველად, პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს იღებს არა ცნობად, არამედ ამ ანგარიშის საფუძველზე ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილების პროექტი, რომლითაც რეკომენდაციები მივეცით სხვადასხვა უწყებას, რომ გამოძიებული უნდა იყოს ყველა საქმე, რომელიც ეხება აქციების და მანიფესტაციების დაშლას, გახმაურებულ საქმეებს, საკუთრების ჩამორთმევის ფაქტებს, სიცოცხლის უფლების ხელყოფას და ლაფანყურთან დაკავშირებით იქნება განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული. ასევე სოციალურად დაუცველები, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ადამიანების შესაბამისი პირობების შექმნა, პროკურატურის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, რომ ყველა საქმის გამოძიება უნდა განხორციელდეს საპროკურორო ზედამხედველობის ფარგლებში. შს სამინისტროს და დევნილთა სამინისტროს მიმართ რეკომენდაციები, რომლებიც ეხება უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ყველა კონკრეტულ ფაქტზე რეაგირებას. მთლიანობაში რეკომენდაციები ძალიან ბევრია და ეხმიანება ყველა სახის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი მექანიზმების შექმნას", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

თავად სახალხო დამცველი პარლამენტის მიერ მისი ანგარიშის საფუძველზე მომზადებული დადგენილებით კმაყოფილია.

"მსგავსი პრეცედენტი არის ძალიან კარგი და სახალხო დამცველის აპარატისთვის სერიოზული ბერკეტია. ახლა მთავარია რეკომენდაციების შესრულება, რომელიც მთავრობის და კონკრეტული უწყებების მიმართ არის გაცემული", - განაცხადა ნანუაშვილმა.

კომენტარები