ჩემპიონთა ლიგა

უჰრინი: მიზერული შანსი დაგვრჩა და გარკვეულწილად ევროპა ლიგაზე გადავერთვებით

დუშან უჰრინი
fcdinamo.ge

დინამო თბილისისა და ბუქარესტის სტიაუას შორის გამართული მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრის 61-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოში ჩისკო შეიჭრა, ცუდად დაარტყა, მაგრამ რუმინელმა ფეხბურთელებმა მისი შეჩერება ძალისმიერი მეთოდით შეძლეს და მსაჯმაც თერთმეტმეტრიანი დანიშნა. გამოცდილმა ესპანელმა, დინამოს 28-ე ნომერმა, პენალტი ცუდად დაარტყა და მეკარემ აუღო. სწორედ ეს იყო დღევანდელ მატჩში გარდამტეხი მომენტი, რასაც დუშან უჰრინმაც გაუსვა ხაზი პრესკონფერენციაზე. 

პირველი ტაიმი მთლიანობაში თანაბარი იყო, გუნდები ერთმანეთს ჩხვლეტდნენ შეტევებით, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. საერთოდ, პირველი ტაიმი სრულად და მეორე ნახევარის მნიშვნელოვანი პერიოდი, ძალიან ნერვული გამოდგა. ეს არ იყო ტიპური დინამოს თამაში, დინამომ ადგილ-ადგილ ანახა ის ფეხბურთი, რასაც დუშან უჰრინი ათამაშებს, მაგრამ მთლიანობაში, გამოცდილი თვალი შეატყობდა, რომ ფეხბურთელები ძალიან ნერვიულობდნენ. სტიაუამ ითამაშა ის ფეხბურთი, რასაც თამაშობს ხოლმე. რუმინელები ფიზიკურად ძლიერები, დინამოსთან შედარებით მაღლები და ტექნიკურადაც კარგად მომზადებულები იყვნენ, რაც ყველაზე მთავარია, სტიაუას კლასი ეტყობოდა. ეს ის კლასია, რომელიც ლონდონის ჩელსის ამარცხებს, დინამოს შემადგენლობაში მოთამაშე ფეხბურთელების აბსოლუტურ უმრავლესობას კი ასეთი გამოცდილება არ აქვთ. უჰრინმა პრესკონფერენციაზე კმაყოფილება გამოხატა თერთმეტმეტრიანის მოპოვებამდე საკუთარი გუნდის თამაშით, მერე კი დინამო მოიშალაო. სწორედ ასე იყო, სტიაუამ ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა და 64-ე და მე-80 წუთებზე, 19 წლის გაბრიელ იანჩუმ დუბლი შეასრულა. 

პრესკონფერენციაზე, რუმინელთა მთავარმა მწვრთნელმა ქართველებს კარგი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ძლიერ მეტოქესთან გამარჯვებით კმაყოფილია.ლაურენციუ რეგეკამფის თქმით, ჩისკოს რომ თერთმეტმეტრიანი გაეტანა, მატჩის სცენარი შეიცვლებოდა, თუმცა ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, ბუქარესტშიც მძიმე შეხვედრა გველისო.

უჰრინმაც ხაზი გაუსვა თერთმეტმეტრიანის ეპიზოდს და განაცხადა, რომ მისი გუნდი იმ მიზერული შანსის გამოყენებას ეცდება, რაც ამ შეხვედრის შემდეგ დარჩა. თუმცა, ქართული გუნდის ჩეხი სპეციალისტის თქმით, გარკვეულწილად, გუნდს მოუწევს ევროპა ლიგის პლეიოფისთვის განწყობა, რომელშიც დინამო სტიაუასთან გამოვარდნის შემთხვევაში გადაინაცვლებს.

განმეორებითი მატჩი ბუქარესტის სტიაუასა და დინამო თბილისს შორის 6 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები