დინამო თბილისი

პატარკაციშვილების ოჯახი: ფიფიას დინამო ზეწოლის გარეშე, უსასყიდლოდ გადავეცით

დინამო თბილისი

ბოლო პერიოდში საფეხბურთო კლუბ დინამოს უკანონო გასხვისებასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა. მერაბ ჟორდანიამ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 2001 წელს, კლუბის მენეჯმენტს მართვის უფლება ძალისმიერი ფორმით ჩამოართვეს. აღნიშნულ განცხადებას უპასუხა დინამო თბილისის ხელმძღვანელობამაც. კლუბში განაცხადეს, რომ დინამო თბილისის პრეზიდენტი რომან ფიფია გაკვირვებულია მერაბ ჟორდანიას მიერ გამოხატული უსაფუძვლო პრეტენზიებით.

"კლუბის ამჟამინდელ და წინამორბედ მესაკუთრეებს შორის არავითარი სადავო საკითხი არ არსებობს და მათ შორის გარიგება მოხდა 2011 წელს კანონმდებლობის სრული დაცვით. რაც შეეხება განცხადებაში აღნიშნულ პერიოდს, მოგახსენებთ, რომ დღევანდელ მესაკუთრეს იმ პერიოდში მიმდინარე მოვლენებთან არანაირი კავშირი არ გააჩნია და, შესაბამისად, გაუგებარია გამოთქმული პრეტენზიები და მოთხოვნები მის მიმართ. ასეთ შემთხვევაში ყველას აქვს კანონით მინიჭებული უფლება მიმართოს სასამართლოს", - ნათქვამია დინამო თბილისის ოფიციალურ განცხადებაში.
 
დინამოს გასხვისებასთან დაკავშირებით, პატარკაციშვილების ოჯახმა განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბიზნესმენის ოჯახის წევრები თავად დაუკავშირდნენ რომან ფიფიას და უსასყიდლოდ გადასცეს კლუბი. პატარკაციშვილების ოჯახის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
 
"ბოლო დროს პრესაში გამოქვეყნებულმა პუბლიკაციებმა გადაგვაწყვეტინა ამ განცხადების გაკეთება.
ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ჩვენი ოჯახი აგრძელებდა საფეხბურთო კლუბი "დინამოს" დაფინანსებას და მის განვითარებას. თუმცა იმ ზეწოლის გამო, რომელიც ხორციელდებოდა წინა ხელისუფლების მიერ ჩვენი ოჯახისა და მის მფლობელობაში არსებულ აქტივებზე, "დინამოს" შემდგომი განვითარება დადგა კითხვის ქვეშ. ჩვენ ამონაწერებსაც კი ვერ ვიღებდით კლუბის შესახებ რეესტრიდან, რომ კლუბს მისცემოდა საშუალება თამაშებზე პრობლემების გარეშე გამგზავრებულიყო. ამიტომ, კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გვეპოვა ინვესტორი, რომელიც შეძლებდა კლუბის გადარჩენას და განვითარებას. ჩვენ თვითონ მივმართეთ და ლონდონში შევხვდით ბატონ რომან ფიფიას და ვკითხეთ აინტერესებდა თუ არა "დინამოს" შემდეგი განვითარება, თუ კი ჩვენ მას უსასყიდლოდ გადავცემდით კლუბს. თანხმობის მიღებიდან მოკლე ხანში კლუბი გავასხვისეთ უსასყიდლოთ, ყოველანაირი ზეწოლის გარეშე ბატონი რომან ფიფიას მხრიდან. მეტიც, ჩვენ გვიხარია, რომ ის არ იშურებს ძალ-ღონესა და სახსრებს "დინამოს" განვითარებისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მას და ჩვენ საყვარელ "დინამოს".
იმედი გვაქვს, რომ ეს განცხადება ბოლოს მოუღებს სპეკულაციებს ჩვენს მიერ "დინამოს" გასხვისებასთან დაკავშირებით".

კომენტარები