17 მაისის ძალადობა

მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილი: მოვითხოვთ ბრალდების მოხსნას

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

"მოვითხოვთ ბრალდების მოხსნას იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს", - განაცხადა 17 მაისის მოვლენებში ბრალდებულმა მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა დღეს, 1 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მის და კიდევ რამდენიმე პირის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესის დაწყებამდე.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე იგეგმებოდა აქცია, რომელიც სასულიერო პირებმა და მრევლმა ძალადობრივად ჩაშალა. მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილს, მამა იოთამ ბასილაიას და მათთან ერთად კიდევ სამ პირს, პროკურატურამ ბრალი შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის უკანონოდ ხელის შეშლისთვის წაუყენა, რაც სასჯელის სახით ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოებს, ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილის თქმით, ბრალდებულების ადვოკატები სასამართლო პროცესზე ბრალის შეწყვეტის შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ. 

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მე ვცდილობდი, როდესაც ვიდეოკადრებში გავრბოდი, მივხმარებოდი პოლიციას. საუბარია ჩიტაძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებზე, სადაც ვცდილობდი, არ მომხდარიყო ცუდი რამ. პირიქით, ვცდილობდი, ბავშვები, რომლებიც ავტობუსებში იყვნენ, გაეყვანათ თავისუფლების მოედნიდან და ამის დამადასტურებელი კადრებიც არსებობს", - განაცხადა მამა ანთიმოზმა.

მამა იოთამ ბასილაიას ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი კი აცხადებს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის შეწყვეტის შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.

"შემდეგ კი უკვე მოსამართლე გადაწყვეტს, საქმე უნდა გაუშვას არსებით განხილვაზე, თუ უნდა შეწყვიტოს ამ ეტაპზე და არ გადასცეს არსებით განხილვაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ შუამდგომლობის დაყენებას შეწყვეტასთან დაკავშირებით. საქმეზე სულ ხუთი ბრალდებულია და რამდენადაც ვიცი, დანარჩენი ბრალდებულების ადვოკატები იმავეს აპირებენ".

კომენტარები