საიმიგრაციო პოლიტიკა

ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის სიკეთეები

თინა ბურჯალიანი
0 კომენტარი

საქართველოს ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა აქვს. შესაბამისად, ქვეყანაში ვიზის გარეშე შემოსვლა და მოკლე დროით დარჩენა ოთხმოცამდე ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. ასევე მარტივად, ბიუროკრატიული ბარიერების გარეშეა შესაძლებელი ცხოვრების უფლების მოპოვება. საქართველოში ლეგალურად მყოფ უცხოელებს შესაძლებლობა აქვთ, დამატებითი ნებართვის გარეშე დასაქმდნენ, გარდა იმ სფეროებისა, სადაც კანონით პირდაპირ დაწესებულია საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნა.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება ამ პოლიტიკის გადახედვას გეგმავს. ჯერჯერობით ცვლილება ირანის მოქალაქეებს შეეხოთ და მათ საქართველოში ჩამოსვლისთვის ვიზის აღება მოუწევთ.

არადა, სტატისტიკა ადასტურებს, რომ საქართველოში ჩამოსვლის, ცხოვრების და ბიზნესის კეთების სიადვილემ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.

მაგალითად, 2005 წელს ქვეყანაში დაახლოებით 450 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2007 წელს კი ამ მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. შემდგომ წლებში, რუსული აგრესიისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა იკლო, თუმცა წლების მიხედვით ზრდის ტენდენცია მალევე აღდგა და შენარჩუნდა: 2009 წელს ქვეყანაში 458.4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება მოხდა, 2010 წელს – 814.5 მილიონი აშშ დოლარის, 2011 წელს კი მაჩვენებელმა 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდის მიუხედავად, იმედის მომცემი იყო 2012 წლის პირველი და მეორე კვარტალი; შედარებით იკლო ინვესტიციებმა 2012 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში, თუმცა წლიურმა მაჩვენებელმა 865.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (წყარო: საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი).

ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2003 წელთან შედარებით, ასევე რამდენჯერმე გაიზარდა არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ქართულ ბანკებში განთავსებული ფულადი რესურსების ოდენობა.

ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იმატა საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობამ. 2012 წლის მონაცემებით, საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურიზმის სექტორი ჰქონდა. 2011 წელს საქართველოში დაახლოებით 2.8 მილიონი უცხოელი ტურისტი ჩამოვიდა. 2012 წელს – დაახლოებით 4.3 მილიონი, ანუ წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტი (წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია). სავიზო რეჟიმის გამკაცრება უარყოფითად იმოქმედებს ტურისტების რაოდენობაზე – ვიზის მიღება დამატებით ფინანსურ და დროის რესურსს მოითხოვს და მოგზაურობის ხარჯებს ზრდის.

ამასთან, საქართველოში ყოველწლიურად ასობით სტუდენტი ჩამოდიოდა ინდოეთიდან, პაკისტანიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან. მათ მიერ საქართველოს განათლების სისტემაში დახარჯული ფული ისევ ამ სისტემის გაუმჯობესებას ხმარდებოდა. აზიელი სტუდენტების მიერ განათლების მისაღებად საქართველოს არჩევა, სხვა ფაქტორებთნ ერთად, შედარებით მარტივი სავიზო და საიმიგრაციო რეჟიმითაც იყო განპირობებული.

ფაქტია, რომ შედარებით ლიბერალურმა საიმიგრაციო პოლიტიკამ პოზიტიური გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე. წლების მანძილზე საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად და იმედის მომცემად იზრდებოდა. გამონაკლისი იყო 2009 წელი, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის და მსოფლიო საფინანსო კრიზისის გამო, ეკონომიკის ზრდა უარყოფითი გახლდათ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკა ბევრად უფრო სწრაფად გამოვიდა კრიზისიდან, ვიდრე სხვა მრავალი ქვეყნის ეკონომიკა, მაგალითად – ბალტიისპირეთის.

უკვე 2011 წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა, 2012 წელს კი 6.2%-ით; 2012 წელს შედარებით მცირე ზრდა ბოლო კვარტალში არსებული ჩავარდნით იყო განპირობებული. ასეა თუ ისე, საქართველოს ეკონომიკა 2003-2011 წლებში საშუალოდ 5.7%-ით იზრდებოდა. სამწუხაროდ, 2013 წელზე იმავეს ვერ ვიტყვით – მაისში ეკონომიკის ზრდამ 0% შეადგინა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, 2013 წელს ზრდა 3% იქნება და არა დაგეგმილი 6%. ოპტიმიზმი არც მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებისგან ისმის.

იმის გათვალისწინებით, რომ ლიბერალურმა საიმიგრაციო პოლიტიკამ ქართულ ეკონომიკაზე დადებითი გავლენა მოახდინა, უცნაურია, რატომ უნდა შეიცვალოს მიდგომა დღეს, როცა ქვეყნის ეკონომიკაში პრობლემებია.

მიგრაციის რეგულირების მცდელობა, უფრო სწორად, იმიგრანტების ქვეყანაში მიღების გონივრული კონტროლი, დიდი გამოწვევაა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პოლიტიკოსისთვის. შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა მაშინ დგება, როდესაც ქვეყნის ეკონომიკას და სოციალურ სტრუქტურას იმიგრანტების ათვისება უჭირს.

საქართველოში იმიგრანტთა მოზღვავების პრობლემა სრულებით არ დგას. მეტიც, ყველა საერთაშორისო და ეროვნული კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში მიგრაციის სალდო უარყოფითია, რაც ნიშნავს, რომ მეტი ადამიანი ტოვებს ქვეყანას, ვიდრე შემოდის. მაგალითად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 2008 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში მიგრაციის სალდო არის -10.8 (წყარო: მიგრაცია საქართველოში: ქვეყნის პროფილი, 2008). მიგრაციის უარყოფით სალდოზე მიუთითებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც. რამდენიმე საგამონაკლისო წლის გარდა, მიგრაციის სალდო უარყოფითია; მაგალითად, 2012 წელს ეს მაჩვენებელი -21.5 იყო.

ფაქტია, რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს – იმიგრანტების შემოსევა არ გვემუქრება და არც შეზღუდვების დაწესების საჭიროება დგას.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ გარდა ეკონომიკური და სოციალური ფაქტორებისა, მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრება შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს პარტნიორების მოთხოვნით, თუ მათ საფრთხეს უქმნის მეზობელი ქვეყნის ლიბერალური პოლიტიკა. საქართველოს შემთხვევაში ხშირად გვესმის, რომ ევროკავშირთან ქვეყნის დაახლოების წინაპირობა მკაცრი ან შედარებით მკაცრი მიგრაციის პოლიტიკაა.

მიგრაციის საკითხები ნამდვილად არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის ერთ-ერთი თემა. თუმცა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ 4.5-მილიონიანი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირთან პირდაპირი საზღვარიც კი არ აქვს, უკანონო მიგრაციის მნიშვნელოვანი საფრთხე ვერ იქნება. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო არ არის ევროპაში უკანონო მიგრაციის საუკეთესო და ყველაზე მოსახერხებელი მარშრუტი (წყარო: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, მიგრაცია საქართველოში: ქვეყნის პროფილი, 2008). შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით, მითები უფრო ხშირად გვესმის, ვიდრე რეალობა.

ზემოაღნიშნული არ გულისხმობს, რომ ქვეყანამ უარი უნდა თქვას ევროკავშირთან მიგრაციის საკითხებზე დიალოგზე და, მით უმეტეს, არ უნდა გაითვალისწინოს პარტნიორის წუხილები. საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან რეადმისიის ხელშეკრულებას, რომელიც ძალაშია 2011 წლის მარტიდან. რეადმისიის ხელშეკრულება ავალდებულებს ქვეყანას, უკან მიიღოს ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი თავისი მოქალაქეები. აგრეთვე, მესამე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირში საქართველოს ტერიტორიის გავლით მოხვდნენ, გარდა ტრანზიტული გავლისა.

საქართველო პირნათლად ასრულებს ევროკავშირთან რეადმისიის ხელშეკრულებით ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებას. ამასთან, საქართველო მრავალი წელია ევროკავშირთან აქტიურად თანამშრომლობს საზღვრის ინტეგრირებული მართვის საკითხებზე და ამ მხრივაც მნიშვნელოვანი წარმატებები იქნა მიღწეული.

2009 წლიდან საქართველო და ევროკავშირი ჩართული არიან პარტნიორობა მობილურობისთვის პროგრამაში, რომლის მიზანია მიგრაციის ნაკადების ერთობლივი მენეჯმენტი, როგორც მხარეების, ასევე მიგრანტთა ინტერესების გათვალისწინებით. და ლეგალური მიგრაციის მხარდაჭერა.

2012 წლის ივნისში საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის თაობაზე დაწყებული დიალოგის ფარგლებში, 2013 წლის თებერვალში ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. როგორც ცნობილი გახდა, სამოქმედო გეგმა მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა, დისკრიმინაციის აღმოფხვრა და უმცირესობების უფლებების დაცვა, აგრეთვე, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა.

თანამშრომლობის ყველა ზემოაღნიშნული ფორუმი მიუთითებს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიგრაციის საკითხებზე ჯანსაღი, პარტნიორული ურთიერთობები არსებობს.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მიგრაციის მენეჯმენტის მნიშვნელოვანი ნაწილია ორგანიზებული დანაშაულის, განსაკუთრებით, ისეთი ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიცაა ფულის გათეთრება და ადამიანთა ტრეფიკინგი. შესაბამისად, სახელმწიფოების მხრიდან უფრო და უფრო ხშირად ხდება ტრანსსასაზღვრო დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ფაქტორის გათვალისწინება მიგრაციის წესების დადგენისა და საზღვრის მენეჯმენტის პროცესში.

უნდა ითქვას, რომ საქართველოს არც ამ თვალსაზრისით აქვს ცუდი მდგომარეობა. ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის, MONEYVAL-ის დასკვნებით, საქართველო წარმატებულ ქვეყანათა კატეგორიას მიეკუთვნება. ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგი ბევრად მძიმე იყო ხელისუფლების მიერ ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის შემოღებამდე, მაგალითად, 2001-2005 წლებში (წყარო: MONEYVAL-ის 2001 და 2005 წლების ანგარიშები საქართველოს თაობაზე. შენიშვნა: საჯაროდ ანგარიშების მხოლოდ მოკლე ვერსიებია ხელმისაწვდომი). საქართველომ მხოლოდ 2007 წლის შეფასების რაუნდზე მოახერხა მკაცრი მონიტორინგიდან თანამშრომლობის რეგულარულ პროცესზე გადასვლა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა ლიბერალური მიგრაციის პოლიტიკის ფარგლებში სრულიად შესაძლებელია.

საქართველო ასევე განუხრელად ასრულებდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოსა და სანქციების კომიტეტის მიერ ზოგიერთი ქვეყნის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს. მაგალითად, ირანთან უვიზო მიმოსვლას საქართველოსთვის ხელი არ შეუშლია შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში.

რაც შეეხება ადამიანთა ვაჭრობის, ტრეფიკინგის პრობლემას, 2007 წლიდან მოყოლებული, საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს შორისაა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველო, 2007-დან 2012 წლის ჩათვლით, პირველ კალათაში, ანუ ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს შორის იყო. 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, მეორე კალათაში გადაინაცვლა.

შესაბამისად, ფაქტია, რომ ქვეყნის ლიბერალურ საიმიგრაციო პოლიტიკას ხელი არც ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის შეუშლია.

ქვეყანა ახერხებდა ჰქონოდა ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობდა ეკონომიკის მთელი რიგი სექტორების განვითარებას და ქვეყნის ერთიანი ეროვნული პროდუქტის განუხრელ ზრდას. ამასთან, ლიბერალურ პოლიტიკას ხელი არ შეუშლია ევროკავშირთან დაახლოების პროცესში – საქართველომ მიიღო ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი (2011 წლის მარტი) და დაიწყო დიალოგი უვიზო რეჟიმის მიღწევის თაობაზე (2012 წლის ივნისი). ქვეყანას პოზიტიური შეფასებები ჰქონდა ევროსაბჭოს MONEYVAL კომიტეტისგან; ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგრიშის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით საქართველო ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს შორის იყო.

იმის გათვალისწინებით, თუ რა ეკონომიკური სიკეთეები მოუტანა ქვეყანას არსებულმა საიმიგრაციო პოლიტიკამ, ისმის კითხვა, თუ რამ განაპირობა მისი შეცვლის აუცილებლობა, რატომ უნდა გადაიხედოს ლიბერალური სავიზო რეჟიმი და რატომ ვერ ხერხდება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისა და პარტნიორი ქვეყნების ინტერესების დაბალანსება.
სახიფათოა იმ კარის დაკეტვა, საიდანაც სასუნთქი ჰაერი შემოდის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები