ახალაიას საქმე

პრკურატურა ახალაიას განაჩენის შესახებ

facebook.com/OfficialPOG

საქართველოს პროკურატურა თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოეხმაურა. უწყება აღნიშნავს, რომ ბრალდება სათანადო მტკიცებულებებით იყო გამყარებული.

"საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ ბაჩანა ახალაიასთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია სასამართლო გამოძიების დროს გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით. შესაბამისად, სასამართლოს განაჩენის მიღების, შესწავლისა და გაანალიზების შემდეგ, მიღებული იქნება გადაწყვეტილება განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების შესახებ, რაზედაც საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მისთვის წაყენებულ რამდენიმე ბრალდებაზე უდანაშაულოდ ცნო. ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებული სამხედროების მიმართ, არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე, გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს, გამოაცხადა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული - სპეცრაზმელთა პოლიტიკური ნიშნით წამების (ე.წ. რეინჯერების საქმე) და ციხის ბუნტის საქმეებზე. "რეინჯერების საქმის" არსებითი განხილვა სასამართლოში ამჟამად მიმდინარეობს, ციხის ბუნტის საქმის არსებითი განხილვა 9 სექტემბრისთვის დაინიშნა.
ამ პროცესების დასრულებამდე ბაჩო ახალაია პატიმრობაში რჩება.

კომენტარები