დანაშაულის სტატისტიკა

შსს: საქსტატის მონაცემები კრიმინოგენური სიტუაციის რეალურ სურათს არ ასახავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები ივნისის თვეში დევნის დაწყების მაჩვენებლის შესახებ არ ასახავს ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური სიტუაციის რეალურ სურათს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც შსს აცხადებს, აღნიშნული გასაჯაროებული მონაცემები ეყრდნობა მხოლოდ პროკურატურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მონაცემებს.

შსს საკუთარ სტატისტიკას ეყრდნობა და აცხადებს, რომ 6 თვის შედეგების თანახმად, დანაშაულის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით 3300 ერთეულით არის შემცირებული. "გახსნის მაჩვენებელი კი 52%-ია, მაშინ როცა წინა წლის იმავე პერიოდში მხოლოდ 24% იყო. ეს იმ ფონზე, როცა 14 ათასი პატიმარია გათავისუფლებული", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სტატისტიკის სამსახურმა გაავრცელა მონაცემები, რომლის მიხედვითაც დევნის დაწყების მაჩვენებელი 2013 წლის ივნისში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით იზრდება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ მაჩვენებელმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე 112%-ით, ყაჩაღობაზე - 100%-ით, ნარკოდანაშაულზე - 153%-ით, ძარცვაზე - 71%-ით, ხოლო ქურდობაზე - 31%-ით მოიმატა.

კომენტარები