კანონი მიწის საკუთრების შესახებ

უცხოელებისათვის მიწის მიყიდვის აკრძალვა ანტიკონსტიტუციურია

თინა ბურჯალიანი
0 კომენტარი

ახლახან საქართველოს პარლამენტმა ცვლილება შეიტანა სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ კანონში, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ აქვთ უფლება, საკუთრებაში ჰქონდეთ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. შეზღუდვა ძალაშია 2015 წლის 1 იანვრამდე, შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით. აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულია საკუთრების საყოველთაო უფლება, რომელიც შესაძლოა შეიზღუდოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" განმარტა კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების არსი და მისი შეზღუდვის დასაშვები ფარგლები. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ 21-ე მუხლით გარანტირებული უფლება ეკუთვნის ყველას და კონსტიტუციური ნორმა არ განსაზღვრავს უფლების სუბიექტთა ექსკლუზიურ წრეს, მათ შორის, მოქალაქეობის ნიშნით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ასხვავებს ერთმანეთისგან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს საკუთრების უფლების რეალიზების თვალსაზრისით.

საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, რომელიც 2012 წლის 26 მაისით თარიღდება, ძალადაკარგულად გამოცხადდა სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონის ის დებულებები, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს არ ჰქონდა უფლება, სასოფლო-სამეურნეო მიწა შეეძინა ან საკუთრებაში ჰქონოდა. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პირი მიწის ნაკვეთს მემკვიდრეობით მიიღებდა ან მას მართლზომიერად ფლობდა, როგორც საქართველოს მოქალაქე, იგი ვალდებული იყო, საკუთრების უფლების წარმოშობიდან 6 თვის ვადაში გაესხვისებინა მიწის ნაკვეთი საქართველოს მოქალაქეზე, ან კანონით გათვალისწინებულ სხვა პირზე.

კანონის აღნიშნული ნორმები, გარკვეულწილად, ასევე ზღუდავდა საქართველოს მოქალაქეების უფლებასაც, ვინაიდან მესაკუთრეს ართმევდა შესაძლებლობას, თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი განეკარგა თავისივე შეხედულებისამებრ ნებისმიერ პირზე.

უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მიწის საკუთრების შეზღუდვის ეკონომიკური და პოლიტიკური მიზანშეწონილობა ცალკე დიდი საკითხია. ამ სტატიის მიზანი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაა, განსაკუთრებით, საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების ფონზე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მიწის საკუთრებაზე მსგავსი ტიპის შეზღუდვები უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე. სწორედ ამიტომ, უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვამ ეროზია განიცადა იქ, სადაც საკანონმდებლო დონეზე ის ჯერ კიდევ შემორჩენილია.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ უცხოელებზე მიწის საკუთრების უფლების შეზღუდვა საზოგადოებრივი აუცილებლობით იყო განპირობებული. კერძოდ, ქვეყანაში არსებობდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის „არარაციონალური განკარგვის საფრთხე", რასაც შესაძლოა ზიანი მიეყენებინა ქვეყნის უშიშროების, ეკონომიკური უსაფრთხოების ან ეკოლოგიისათვის, ასევე შესაძლოა დაეზარალებინა სოფლის ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესები.

თითოეულ ამ არგუმენტზე საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა და მიიჩნია, რომ ისინი, როგორც მინიმუმ, ზედმეტად ზოგადი და დაუსაბუთებელი იყო. კერძოდ, სასამართლომ დაუშვა, რომ ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია არსებობდეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი, რომელიც თავისი სტრატეგიული მდებარეობის ან სხვა მახასიათებლის გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი იყოს. თუმცა, მესაკუთრის მოქალაქეობა მიწის ნაკვეთის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, ვერც გარემოს დაცვის საჯარო ინტერესზე მოახდენს გავლენას მესაკუთრის მოქალაქეობა. ზოგადად სასოფლო-სამეურნეო მიწაზე უცხოელის საკუთრების შესაძლებლობის აკრძალვასა და გარემოს დაცვას შორის ლოგიკური კავშირი არ იკვეთება. ცალკე საკითხი იქნებოდა გარკვეული კატეგორიის მიწის, მაგალითად, სარეკრეაციო ზონების ნებისმიერ პირზე გასხვისების შეზღუდვა ან რეგულირება.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოქალაქეობის ნიშნით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების შეზღუდვა საზოგადოებრივი აუცილებლობის არათანაზომიერი იყო და დაცული უფლების არსს უგულებელყოფდა. შესაბამისად, სასამართლომ კანონის ეს დებულებები გააუქმა, როგორც კონსტიტუციის 21-ე მუხლის შეუსაბამო და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები საქართველოს მოქალაქეების თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოა უფლებამოსილი განახორციელოს საკონსტიტუციო კონტროლი – იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება სამართლებრივი აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს კანონი პირდაპირ კრძალავს ისეთი სამართლებრივი აქტის მიღებას ან გამოცემას, რომელიც შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს სამართლებრივ აქტს ან მის ნაწილს, კანონმდებელს მისი „გაცოცხლება" არ შეუძლია.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის ამ დებულებით გარანტირებულია სასამართლოს მიერ სამართლებრივი აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შეფასების საბოლოო და უაპელაციო ხასიათი.

აკანონმდებლო ორგანოს არ აქვს უფლება, პირდაპირ ან არაპირდაპირ, გვერდი აუაროს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებას და მისი საწინააღმდეგო „ახალი" სამართლებრივი აქტი მიიღოს.

ამ პრინციპებისა და ნორმების საწინააღმდეგოდ მოიქცა საქართველოს პარლამენტი, როდესაც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მიიღო ახალი ნორმები, რითაც, ერთი მხრივ, აღიარა უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება – საკუთრებაში ჰქონდეთ საქართველოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და, მეორე მხრივ, 2015 წლის 1 იანვრამდე გადაავადა ამ ნორმების ამოქმედება.

კიდევ უფრო ცინიკურია ის, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონის განმარტებითი ბარათი თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს იმ არგუმენტებს, რომელიც მოპასუხემ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს წარადგინა და რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ არასაკმარისად და არარელევანტურად მიიჩნია. კერძოდ, განმარტებითი ბარათის თანახმად, უცხოელებზე მიწის გასხვისება უნდა შეჩერდეს, ვინაიდან არსებობს „მიწების არარაციონალური გასხვისების რეალური საფრთხე", რამაც შესაძლოა დააზიანოს ქვეყნის უშიშროება და ეკონომიკური უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ასევე სოფლის ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესები.

კანონპროექტის ავტორებმა ვერ წარმოადგინეს ვერცერთი კონკრეტული არგუმენტი ან მტკიცებულება, თუ რატომ დაზიანდება რომელიმე ზემოხსენებული სიკეთე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის და მასზე საკუთრების თანაბარი უფლების მინიჭებით.

თუ კანონმდებელს სასოფლო-სამეურნეო მიწის „არარაციონალური განკარგვა" აწუხებს ან ქვეყნის უშიშროების, ეკონომიკური უსაფრთხოების ან ეკოლოგიის დაცვა აქვს გამიზნული, მაშინ რეგულაციები და შეზღუდვები უნდა ეხებოდეს საკუთრების ობიექტს და არა – მესაკუთრეს.

მესაკუთრის მიხედვით შეზღუდვების დაწესება დისკრიმინაციულია. ხოლო პრეზუმფცია, რომ საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ნაკლები საფრთხის შემქმნელია გარემოსთვის ან ქვეყნის ეკონომიკური თუ სხვა სახის უსაფრთხოებისათვის, დაუსაბუთებელია.

უცხოელების მიმართ დაწესებული შეზღუდვა რომ საფუძველს მოკლებული და ხელოვნურია, იმითაც დასტურდება, რომ, მაგალითად, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, მაშინაც კი, თუ მისი 100%-იანი წილის მფლობელი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, შეუძლია შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ეს გარემოება კანონპროექტის ავტორებმა იმით ახსნეს, რომ ასეთი პირები „სრულად ექცევიან საქართველოს იურისდიქციაში, მონაწილეობენ სამართლებრივ ურთიერთობებში და სამართლებრივი ვალდებებულები აქვთ საქართველოს სახელმწიფოს წინაშე". იურისპრუდენციის ღრმა ცოდნა არ არის საჭირო, მიხვდე ამ არგუმენტის უსუსურობას – თუ რეგულაციები საკუთრების ობიექტს შეეხებოდა, მაშინ ისინი თანაბრად გავრცელდებოდა მესაკუთრეებზე, მათი ნაციონალური კუთვნილების მიუხედავად.

აქედან დასკვნა: თუ სახელმწიფოს შემოაქვს რაიმე ახალი რეგულაცია საკუთრების უფლების თაობაზე, ის ერთნაირად უნდა გავრცელდეს, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. სხვა შემთხვევაში, ეს რეგულაცია საკუთრების უფლებაში ხელოვნური ჩარევა იქნება და, შესაბამისად, წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან.

კონსტიტუციასთან აშკარად შეუსაბამო ნორმების მიღებასთან ერთად, პარლამენტმა დაუშვა სამწუხარო პრეცედენტი – უკან დააბრუნა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი რეჟიმი. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიღებით, პარლამენტმა უგულებელყო საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს როლი და დააკნინა მისი მნიშვნელობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები