აფეთქება

გავრცელებული ცნობით, პოლიციაში ხელყუმბარა ამნისტირებულმა პირმა ააფეთქა

RFE/RL

გლდანის პოლიციის შენობაში ხელყუმბარა რამდენჯერმე ნასამართლევმა, ახალი მთავრობის პირობებში ამნისტიით გათავისუფლებულმა პირმა ააფეთქა - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსი იტყობინება.

ტაბულა შეეცადა ინფორმაციის შსს-ში გადამოწმებას, თუმცა უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს.

გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში ხელყუმბარა გამთენიისას ააფეთქეს. აფეთქების შედეგად, პოლიციის ერთი თანამშრომელი დაიჭრა, შენობა კი დაზიანდა. დაჭრილ პოლიციელს პირველადი სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაუწიეს და სამკურნალო დაწესებულებიდან გაწერეს.

შსს-ს განცხადებით, უშანგი თ., პირი, რომელმაც განყოფილებაში ხელყუმბარა შეიტანა, ქურდობისთვის არის ნასამართლევი, იგი 1993 წელს არის დაბადებული და სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. შსს-ს თქმით, ხელყუმბარით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში შევიდა. წინასწარი მონაცემებით, ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

კომენტარები