ნაციონალური მოძრაობა

პრეზიდენტი ნაციონალურ მოძრაობას ცვლილებების გეგმას სთავაზობს

0 კომენტარი
Georgia's President Saakashvili addresses the audience at the historical quarter of Tbilisi ფოტო: David Mdzinarishvili / REUTERS

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრებს წერილობით მიმართა. მიმართვაში პრეზიდენტი ნაციონალურ მოძრაობას პარტიაში ცვლილებების განხორციელებას და ამ საკითხის განსახილველად სექტემბერში ყრილობის გამართვას სთავაზობს.

მიხეილ სააკაშვილმა დავით ბაქრაძეს საპრეზიდენტო პრაიმერიში გამარჯვება მიულოცა.

"ამავდროულად, მინდა მოგმართოთ და, პირველ რიგში, გითხრათ, თუ როგორ ვამაყობ თქვენით. ჩვენ ერთად შევქმენით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპოქა საქართველოს ისტორიაში. მთელი რეგიონი და, გადაჭარბების გარეშე, დანარჩენი მსოფლიოც შესცქეროდა ვარდების რევოლუციას და განსაკუთრებით იმას, თუ რისი გაკეთება შეძლო საქართველომ რევოლუციის შემდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის სახით ქვეყანაში პირველად შეიქმნა პოლიტიკური ძალა, "რომელიც არ ეყრდნობა მხოლოდ ცალკეულ ლიდერს, ან ლიდერებს, არამედ უფრო მეტად - თითოეულ წევრს, საზოგადოებაში თითოეულ მხარდამჭერს, პარტია არ ეკუთვნით ცალკეულ ლიდერებს, არამედ გეკუთვნით თქვენ და, რაც მთავარია, ეფუძნება არა პიროვნულ ამბიციებს, არამედ ჩვენს დიდ მიზანს, შევქმნათ ახალი, ძლიერ წარმატებული სახელმწიფო, რომლის მთავარი იდეაა თავისუფლება, დემოკრატია, არაკორუმპირებულობა და განვითარება, რომელიც ეფუძნება არა ნეპოტიზმს, კლანურ ან ვიწრო პარტიულ ინტერესებს, არამედ მერიტოკრატიას, ე.ი. ადამიანების წარმატებულობასა და წინსვლას მათი შრომისმოყვარეობისა და ნიჭის ნიშნით".

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პარტიამ შეინარჩუნა ერთობა და არ უღალატა თავის იდეებს იმის მიუხედავად, რომ მისი გენერალური მდივანი უსამართლოდაა დაპატიმრებული, ათასობით აქტივისტი სამართლებრივი დევნისა და შევიწროების პირობებში იმყოფება, "როცა ჩვენ ყოველ წუთს დაუმსახურებლად გვესვრიან ტალახს პრესით და ტელევიზიით".

"ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ეს არის ძველი კორუმპირებული ელიტის მიერ ვარდების რევოლუციის წინააღმდეგ აღვირახსნილი რევანშის მცდელობა და ეს, როგორც ყველა რევანშიზმი და ყველა წარსულზე ორიენტირებული მცდელობა, ისტორიულად განწირულია მარცხისთვის", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

იგი ნაციონალური მოძრაობის შიგნით არსებულ მდგომარეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ აუცილებელია, პარტია ბოლომდე გათავისუფლდეს იმ ხალხისგან, ვინც პირადი კეთილდღეობა და ამბიცია იდეალებზე უფრო მაღლა დააყენა.

"ვარდების რევოლუციის" შემდგომ ბევრი ჩვეულებრივი კარიერისტიც მოგვეტმასნა, რომელთა ჩამოშორება მხოლოდ დადებითი პროცესია.
ამავე დროს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, პარტიას დაეტყო ბიუროკრატიული დახავსების ნიშნები, სათანადოდ არ წარმოებდა ჯანსაღი დებატები, რამაც საბოლოო ჯამში ჩვენი პოლიტიკური იმუნიტეტი შეასუსტა გარე მტრისა თუ შიდა მოწინააღმდეგეთა უპრეცედენტო, ზოგ შემთხვევაში კი, ერთმანეთთან კოორდინირებული გააფთრებული შემოტევების მიმართ", - აღნიშნავს პრეზიდენტი.

შესაბამისად, მისი აზრით, პარტიაში ცვლილებები უნდა განხორციელდეს და "ბევრად უფრო საღი, დემოკრატიული, გახსნილი ორგანიზაცია შევქმნათ".

"პრაიმერების მიმდინარეობამ, მათში პარტიის წევრების დიდმა აქტიურობამ კარგად დაგვანახა სწორი გზა. საჭიროა კიდევ უფრო მეტი გახსნილობა, მეტი დებატები, მეტი განათლებული, პატრიოტი, აქტიური და გონიერი ადამიანის შემოკრება და ენერგიული სვლა საერთო ნაციონალური კონსენსუსისა და შეუქცევადი განვითარებისაკენ, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ძლიერებისაკენ", - მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილი.

ამიტომ, პრეზიდენტმა ნაციონალურ მოძრაობას სტრუქტურაში ცვლილებები შესთავაზა, რათა ნაციონალური მოძრაობა გახდეს "კიდევ უფრო გახსნილი და დემოკრატიული პარტია, ვიდრე ეს ოდესმე გვინახავს. ის არაპარტიული გაგებითაც ნამდვილ ნაციონალურ მოძრაობად უნდა გადაიქცეს!"

"პირადად ჩემი ამბიცია დღესაც იგივეა, რაც ოდესმე ყოფილა - გავაკეთო ყველაფერი ჩვენი სამშობლოს წინსვლისა და განვითარებისათვის! მე ვიმედოვნებ, დღეის შემდეგაც ვიქნები არა მარტო ლიდერი ნაციონალური მოძრაობისა, არამედ - ერთი თქვენთაგანი და თანასწორი თანასწორთა შორის. მე მთელი ჩემი არსებით მესმის ამ სიტყვების შინაარსი და მთელი ჩემი არსებით ვიცი ამ შინაარსის ძალა!", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

პირველ რიგში, პრეზიდენტი, პრაიმერის და მასში პარტიის წევრების აქტიური ჩართულობის პოზიტიური გამოცდილების გათვალისწინებით, მოუწოდებს პარტიის წევრებს, პარტიული სტრუქტურის ყველა დონეზე შეჯიბრებითობა და არჩევნები სტანდარტულ და საყოველთაო პრინციპად იქცეს. "უარი ვთქვათ იერარქიულობაზე ყველგან, ეს იქნება ადგილობრივი პარტიული სტრუქტურები თუ – მთლიანად პარტიის მმართველი რგოლი".

პრეზიდენტის წინადადების თანახმად, პარტიის რეგისტრირებული წევრების მინიმუმ 10 პროცენტს უნდა ჰქონდეს უფლება, ნებისმიერ დროს მოიწვიოს პარტიის ყრილობა. პარტიის თავმჯდომარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ფუნქციის მიუხედავად, ყველა ძირითადი მიმდინარე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარტიის მუდმივმოქმედმა პოლიტიკურმა საბჭომ, რომლის ყოველდღიურ მუშაობას საბჭოს თავმჯდომარე წაუძღვება.

სააკაშვილის აზრით, საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტი ახალი ლიდერებით უნდა დაკომპლექტდეს. ასევე, შემოღებულ იქნას აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა, რათა პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებები სათანადოდ განხორციელდეს. "ამგვარად, შევქმნათ ისეთი სტრუქტურა, სადაც ყველა ძირითადი გადაწყვეტილება მიღებული იქნება კოლექტიურად, ხმის უმრავლესობით და, რომელიც მოიზიდავს ყველას, ვისაც პოლიტიკური აქტივობისკენ გული მიუწევს, ეთანხმება ნაციონალური მოძრაობის ძირითად პოსტულატებს და გრძნობს, რომ აქვს უნარი და ენერგია, რომ რაციონალურ, აქტიურ დებატებში ჩაებას და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის მომავლის შენებაში", - განმარტავს სააკაშვილი.

მთავარი იქნება ის, რომ ყველა დონის თანამდებობაზე, იქნება ეს შიდაპარტიული თუ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების თანამდებობები, კანდიდატები უნდა განისაზღვრონ არჩევნების გზით. ასე მოხდა პრეზიდენტის კანდიდატურაზე და წესდებით იგივე უნდა დაკანონდეს მერების, დეპუტატებისა და პრემიერმინისტრის კანდიდატურების დასახელებისას, - აღნიშნავს პრეზიდენტი.

მისი აზრით, ნაციონალური მოძრაობის ასეთი გარდაქმნა აზრს დაუკარგავს ბრძოლას პარტიის ცალკეულ ლიდერებთან: "მაგალითად, თუ დღეს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ ცალკეული ლიდერების განეიტრალებით მოგვსპობს, ხვალ ისიც და ბევრი სხვაც მიხვდება, რომ ამ ბრძოლას საბოლოოდ ეკარგება აზრი; თუ, რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას, თავისივე მრავალგზის საჯაროდ განცხადებული პოზიციით, ჩემი, როგორც მინიმუმ, სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური განადგურება საკუთარი პრობლემების გადაჭრის გზად მიაჩნია, ხვალ ისინიც მიხვდებიან, რომ სინამდვილეში საქმე აქვთ არა მხოლოდ ჩემთან, არამედ - ჩემს თანამოაზრეებთან, ჩვენს თანამოაზრეებთან, მთელ პარტიასთან და მთელ ერთან, მიხვდებიან, რომ ისინი დიდ ცეცხლს ეთამაშებიან და უკან უნდა დაიხიონ".

მისი განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი ენერგიით დაბრუნების პროცესი უკვე დაწყებულია და, ჩვენ ერთად, ამ პროცესის ბოლომდე წარმატებით მიყვანას აუცილებლად შევძლებთ".

მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრებს სთავაზობს სექტემბერში ყრილობის ჩატარებას, რომელიც განიხილავს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ პრინციპულ ცვლილებებს და ასახავს მათ ახალ წესდებასა და სტრუქტურაში.

"ძალიან ბევრი გავაკეთეთ და გაცილებით მეტი გასაკეთებელი დაგვრჩა, ამიტომ ახალ პროგრამაში უნდა გავწეროთ შემდეგი ეტაპის მთავარი საპროგრამო მიზნები. ჩვენი მოძრაობა ფენიქსივით აღდგენის პროცესშია და ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს საქმე, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა, მთლიანობა და ჩვენი ხალხის თავისუფლება ჰქვია!" - აცხადებს საქართველო პრეზიდენტი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ღვინჯილია

კომენტარები