პატიმრების შიმშილობა

ქსნის მე-15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობას აპირებენ

ipn.ge

ხვალიდან  ქსნის მე-15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობის დაწყებას და პირის ამოკერვას აპირებენ. მსგავსი სახის პროტესტის დაწყება მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობაა.

"ჩვენ მოვითხოვთ, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლდნენ პატიმრები, რომლებსაც რეალურად ეკუთვნით ეს. პირობით ვადამდე გათავისუფლება ბევრ ისეთ პატიმარს არ ეხება, რომელსაც საკუთარი საქმეები რამდენჯერმე აქვთ გადაგზავნილი შესაბამის კომისიაში და მათ საქმეებში არანაირი დარღვევა არ არის, თუმცა ასე არ ხდება. ასევე მოვითხოვთ, რომ გაგვიუქმდეს შეკრებითობა, რადგან ამას კანონი მოითხოვს. კანონში შევიდა ცვლილება, სადაც პირდაპირ წერია, რომ ეს ნორმა უნდა მოიხსნას პატიმრების მიმართ. შეკრებითობის გაუქმებაც და პირობით ვადამდე გათავისუფლებაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ხელისუფლების ნაცნობებს ეხება ხოლმე. თუ ამაზე დღესვე რაიმე სახის რეაგირება არ იქნება, ხვალიდან შიმშილობას და პირის ამოკერვას მე-15 დაწესებულებაში მასიური სახე მიეცემა", - განაცხადა ერთ-ერთმა პატიმარმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნულ დაწესებულებაში ერთ პატიმარს პირი აქვს ამოკერილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც რთულია.

პატიმრების მოთხოვნაა პროკურატურა და სასჯელაღსრულების სამინისტრო დაინტერესდეს პატიმრების გაყალბებული საქმეებით, რომელთა გადახედვა დაპირების მიუხედავად არ ხდება.

"სამჯერ გავუგზავნე წერილი მთავარ პროკურორს, დაინტერესებულიყო ჩემი გაყალბებული საქმით, სადაც წერია, თითქოს ძებნილი ვიყავი, მაშინ როდესაც ბანკთან ოფიციალური ურთიერთობა მქონდა და ვიხდიდი ავტომობილის ჯარიმებს და ჩემთვის საერთოდ არ იყო ცნობილი, მქონდა თუ არა რაიმე ბრალდება წაყენებული. გარდა ამისა, ჩემს საქმეში უამრავი დარღვევაა, თუმცა პროკურატურიდან არანაირი პასუხი ამ დრომდე არ მიმიღია", - განაცხადა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა.

მისი თქმით, 10-ზე მეტი ქრონიკული დაავადებით, 2012 წლის 20 აპრილის შემდეგ დაავადდა, მას შემდეგ რაც დააკავეს და დაწესებულებაში ეუბნებიან, რომ მისი მკურნალობა ძვირი ჯდება.

 

კომენტარები