დინამო თბილისი

დინამოს ყოფილი ხელმძღვანელები სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ

ნიკა ივანიშვილი
RFE/RL

თბილისის დინამოს ყოფილი ხელმძღვანელები დღეს, ფეხბურთის ფედერაციაში სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით მივიდნენ.

საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბის დინამოს წარმომადგენლების და მათი ადვოკატის განცხადებით,  2001 წელს მათ კლუბი უსამართლოდ ჩამოერთვათ.

"2001 წელს, მთაწმინდა-კრწანისის სასამართლომ დაარეგისტრირა სრულიად ახალი კლუბი, სახელწოდებით დინამო თბილისი. ეს იყო წინასწარ გათვლილი სქემა. ნამდვილ საფეხბურთო კლუბს ერქვა თბილისის დინამო და ამ მანიპულაციით მათ სურდათ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. მოგეხსენებათ, რომ ტრადიცია და მემკვიდრეობა არ იწყება 2001 წლიდან, ეს კლუბი კი სწორედ ამ წელს შეიქმნა. ჩვენ შეგვაქვს თხოვნა, რომ ნამდვილ თბილისის დინამოს აღუდგეს ადგილი ჩემპიონატში და ასევე ხმის უფლება აღმასკომში", - განაცხადა ფიზკულტურულ-სპორტული კლუბის ადვოკატმა როინ მიგრიაულმა.

დინამოს ყოფილი ხელმძღვანელების თქმით, მათ ჰქონდათ მცდელობა, დინამო თბილისის ახლანდელ მესაკუთრეებს შეხვედროდნენ, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა და სწორედ ამიტომ მიმართეს ფედერაციას.

"არ ვიცი, რა შედეგით დასრულდება ეს ყველაფერი და ფედერაცია რა პასუხს გაგვცემს, მაგრამ მგონი სხვა გზა არ არის დარჩენილი გარდა იმისა, რომ პასუხი გაეცეს კითხვას, თუ რატომ მოიხსნა გუნდი მაშინ პირველი წრიდან", - განაცხადა საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბის დინამოს თავმჯდომარემ ნიკა ივანიშვილმა.

ფედერაციის სამდივნოში, სამართლიანობის მოთხოვნის წერილი უკვე ჩაბარებულია, მისი შინაარსის განხილვას კი, სავარაუდოდ, აღმასრულებელი კომიტეტი ფედერაციის იურიდიულ კომიტეტს გადასცემს.

კომენტარები