პაველ ადელგეიმი

რუსეთში Pussy Riot-ის წევრების გათავისუფლების მომხრე მღვდელი მოკლეს

მამა პაველ ადელგეიმი
www.aif.ru

ორშაბათს საღამოს, რუსეთის ქალაქ ფსკოვში, დანით მიყენებული რამდენიმე ჭრილობის შედეგად, გარდაიცვალა ცნობილი მართლმადიდებელი მღვდელი პაველ ადელგეიმი. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

პოლიციამ ადელგეიმის ცხედარი, დაახლოებით 20:00 სთ-ზე, მოკლულის სახლთან ახლოს აღმოაჩინა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოსკოვში მცხოვრებია, თუმცა მისი ვინაობა არ ხმაურდება. წინასწარი ინფორმაციით, დანაშაული 1986 წელს დაბადებულმა ახალგაზრდამ ჩაიდინა. მკვლელობის შემდეგ, მან საკუთარ თავს დანით ორი ჭრილობა მიაყენა. ეჭვმიტანილი არაადეკვატურ მდგომარეობაში იმყოფება და ამჟამად ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას ამის შესახებ, რუსული გამოცემა ინტერფაქსი ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, მღვდელზე თავდასხმისას, მამაკაცი ყვიროდა, რომ სატანის მითითებით მოქმედებდა.

მამა პაველ ადელგეიმი მკაცრად აკრიტიკებდა და უპირისპირდებოდა მოსკოვის საპატრიარქოს Pussy Riot-თან მიმართებაში. ადელგეიმი პანკჯგუფის წევრი გოგონების გათავისუფლებას ემხრობოდა და ამ პოზიციას ღიად გამოხატავდა. 

პირველ აგვისტოს პაველ ადელგეიმს 75 წელი შეუსრულდა. 

 

კომენტარები