საკანონმდებლო ინიციატივა

კობა დავითაშვილი მთავრობას დესტრუქციულ ოპოზიციას ადარებს

wikipedia.org

დეპუტატი კობა დავითაშვილი, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს კენჭისყრას,  მთავრობას "დესტრუქციულ ოპოზიციას" ადარებს, რომელიც მხოლოდ კრიტიკით შემოიფარგლება და სანაცვლოს არაფერს სთავაზობს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს, 6 აგვისტოს სახელმწიფო დაზღვევის ფონდის შექმნის შესახებ დავითაშვილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილება. ეს კანონპროექტი  დაზღვევის ფონდის დაარსებას გულისხმობს, რომელიც ფიზიკური პირის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის 1/3-ით, საბიუჯეტო დოტაციით და შემოწირულობებით დაფინანსდება. დავითაშვილი აცხადებს, რომ ამ ფონდის შექმნა კოალიცია ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირება იყო. თუმცა, როგორც ირკვევა, დავითაშვილის ინიციატივას მხარს არ უჭერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და, რაც მთავარია, მთავრობა.

"საერთოდ, ეს კანონი მე არ უნდა შემომქონდეს. ეს უნდა შემოჰქონდეს მთავრობას, რადგან სწორედ მას ჰქონდა გაცხადებული, რომ 1 ივლისიდან საყოველთაო დაზღვევა უნდა ამოქმედებულიყო. 1 ივლისიდან საყოველთაო დაზღვევა არ დაწყებულა. დაიწყო შემავსებელი პროგრამა, რომ თუ ვინმე სადმე დაზღვეული არ არის, მთლად უპატრონოდ არ იყოს. ეს კარგი და მნიშვნელოვანია, მაგრამ საყოველთაო დაზღვევა არ არის. საყოველთაო დაზღვევა არის აი, ეს მოდელი, რაც იყო საარჩევნო პროგრამაში და არის მთავრობის პროგრამაში. თუკი მთავრობას წარმოდგენილი მოდელი არ მოსწონს, მიკვირს, რატომ არა აქვს მას ალტერნატიული პროექტი და რატომ ჰგავს მთავრობის დასკვნა დესტრუქციული ოპოზიციის დასკვნას, რომელიც ხელისუფლებას მხოლოდ აკრიტიკებს, მაგრამ სანაცვლოს არაფერს სთავაზობს. როდესაც პარლამენტის წევრის შემოტანილი წინადადება არ მოგწონს და აკრიტიკებ, როცა ხარ მთავრობა, შენ შენი ალტერნატივა ხომ უნდა გქონდეს? შენ რომ დაპირება გაქვს შესასრულებელი, საყოველთაო ჯანდაცვა გაქვს ასამოქმედებელი, დავითაშვილის პროექტი თუ არ მოგწონს, შენი რა არის? და შენი თუ არ გაქვს, მაშინ რას ჰგავს ეს პოზიცია?" - განაცხადა დავითაშვილმა.

კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებს სახელმწიფო არ უნდა აფინანსებდეს და ეს თანხა საყოველთაო დაზღვევის ფონდში უნდა მიდიოდეს.  

"მსოფლიოს არცერთ ქვეყნაში მომგებიან სადაზღვევო კომპანიებს სახელმწიფო ფულს არ აძლევენ და უყურებენ, რომ ფულს იჯიბავს და აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს", - აცხადებს დავითაშვილი.

კომენტარები