ჩემპიონთა ლიგა

უჰრინი: რუმინეთში მოსაგებად ჩამოვედით

დუშან უჰრინი
fcdinamo.ge

დღეს, თბილისის დროით 21:45-ზე ბუქარესტში, დინამო თბილისი, უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, ბუქარესტის სტიაუას დაუპირისპირდება.

თბილისურმა კლუბმა პირველი მატჩი დინამო არენაზე 0:2 დათმო და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შანსები მნიშვნელოვნად შეიმცირა.

დინამოელებმა რუმინეთის დედაქალაქში უკვე ივარჯიშეს.

დუშან უჰრინის გუნდში პეტარ გრაიციარის გარდა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, მათ შორის, ირაკლი ძარია, რომელსაც ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გაუცდა.

"მოგესალმებით ყველას. სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ძალიან რთული მატჩის მოლოდინში ვართ. ძლიერი გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. პირველი შეხვედრა შინ 0:2 წავაგეთ, რამდენიმე ფეხბურთელს ორი ყვითელი ბარათი აქვს... შესაბამისად, ჯერჯერობით ვერ გადამიწყვეტია, ლევან ხმალაძეს და ელგუჯა გრიგალაშვილს ვათამაშებ თუ არა - რთულ თამაშს ველოდებით. ჯერ არ ვიცი, პირველი თერთმეტეული როგორი იქნება, ამას ხვალ მატჩის წინ გადავწყვეტ... მართალია, თბილისურ მატჩში პენალტის გატანა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თბილისური მარცხი დავიწყებულია და გუნდი ხვალინდელი დაპირისპირებისთვის მზად არის. პირველ შეხვედრამდე შანსები თუ თანაბარი იყო, ამჯერად უპირატესობა სტიაუას მხარესაა, ვხვდებით, რომ ძნელი იქნება, თუმცა აქ მოსაგებად ვართ ჩამოსულნი. შეხვედრის პირველივე წუთებიდან თამაშს ნამდვილად არ გავხსნით", - განაცხადა პრესკონფერენციაზე დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა.

"ჩვენთვის ხვალინდელი შეხვედრა გაცილებით რთული იქნება, ვიდრე თბილისში ჩატარებული მატჩი, ვინაიდან დინამოს არაერთხელ დაუმტიცებია, რომ მეტოქეთათვის საკმაოდ სახიფათო და საშიში გუნდია. დინამოში ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. მართალია, პირველი მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით - 2:0 დასრულდა, თუმცა ჩვენ ამ რეზულტატისთვის მთლიანად დახარჯვა მოგვიწია", - განაცხადა სტიაუას მთავარმა მწვრთნელმა ლაურენციუ რეგეკამპფმა.

იმ შემთხვევაში, თუ დინამოელები ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშებიან, ბრძოლას ევროპა ლიგის პლეი-ოფში განაგრძობენ.

კომენტარები