პრემიერმინისტრი

ივანიშვილმა Wall Street Journal-ში "პრაგმატული" პოლიტიკის არსი განმარტა

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

ამერიკული გამოცემა Wall Street Journal საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის წერილს აქვეყნებს სათაურით "პროგრესი პრაგმატიზმის გზით".
პრემიერმინისტრი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 2008 წლის ომიდან ხუთი წლის თავზე ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებული და მავთულხლართებით შემოვლებული რჩება. ივანიშვილის მტკიცებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქვეყანა სწორ გზას დაადგა და საქართველოს ხელისუფლებას კვლავაც საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება, რათა დასახულ მიზნებს მიაღწიოს.

ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან თანამშრომლობას, პრაგმატული პოლიტიკისა და კონკრეტული რეფორმების გატარებას ცდილობს.
"პრაგმატულობა ნიშნავს ცივი ომის რიტორიკის დასრულებას და იმ უპასუხისმგებლო ქმედებებისთვის თავის არიდებას, რომელმაც 2008 წლის კონფლიქტამდე მიგვიყვანა. რუსეთთან ვაჭრობის განახლება ნდობის აღდგენას ნიშნავს, თუმცა ჩვენ ვრჩებით ურყევი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნების საკითხში. ეს საკითხი საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, სიფრთხილით უნდა მოგვარდეს, რაც მოითხოვს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების აქტიურ ჩართულობას", - აღნიშნავს საქართველოს პრემიერმინისტრი.

ივანიშვილის განცხადებით, "კონკრეტული" რეფორმების ქვეშ იგულისხმება ფოკუსირება იმ რეფორმებზე, "რომელიც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩავარდა". "ჩვენ ვამყარებთ კანონის უზენაესობას, ვაძლიერებთ შრომით უფლებებს, საგანმანათლებლო რეფორმასა და ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევას, რომელიც გასული თვიდან გახდა ხელმისაწვდომი. ჩვენ ჯერაც გვჭირდება საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც უკეთესად გადაანაწილებს ძალაუფლებას მთავრობის შტოებს შორის", - წერს საქართველოს პრემიერმინისტრი.

ბიძინა ივანიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა სისხლის სამართლის სისტემის ლიბერალიზაციისკენ და საქართველოში პატიმარს უკვე აქვს მის წინააღმდეგ არსებული ყველა სამხილის ხილვის უფლება, ასევე, აქვს შესაძლებლობა, წარდგეს დამოუკიდებელი მოსამართლის წინაშე სასამართლო დარბაზში, რომელიც მედიისთვის ღიაა.

პრემიერის მტკიცებით, მთავრობამ ასევე განახორციელა რეფორმები ეკონომიკაში, გამოაცოცხლა აგრარული სექტორი, შექმნა სამართლიანი საგადასახადო სისტემა და აღკვეთა ზეწოლა კერძო ბიზნესზე.

ამავე წერილში ივანიშვილი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დევნის გამო მისი მთავრობის მიმართ გამოთქმული კრიტიკით უკმაყოფილებას გამოხატავს.
იგი აღნიშნავს, რომ მოქალაქეებმა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ 20 ათასზე მეტი საჩივარი შეიტანეს. ამ საქმეების გამოძიება დიდი ყურადღებით ხდება. ამ პროცესზე დაკვირვებას ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტომას ჰამარბერგი, აშშ-ის სახელმწიფო და იუსტიციის დეპარტამენტები, ეუთო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აწარმოებენ.
"ევროპასა და ამერიკაში ჩვენი კრიტიკით დაკავებულმა მცირე ჯგუფებმა, რომელთა უმრავლესობა გასულ წლებში არსებულ ძალადობას იგნორირებას უწევდა, მკვეთრად გააკრიტიკეს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებები, როგორც არადემოკრატიული ქმედება", - წერს საქართველოს პრემიერმინისტრი. იგი საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდებს, ობიექტური დასკვნების გამოსატანად, ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდნენ.

ივანიშვილი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მთავრობას დიდ დახმარებას უწევდა. თუმცა, მოგვიანებით მიხვდა, რომ "რეალური ცვლილებებისა და ჩვენი დაყოფილი სამშობლოს გაერთიანების იმედის გადასარჩენად, ახალი მთავრობის ფორმირება მესაჭიროებოდა".

"მჯერა, სწორ გზას ვადგავართ. თუმცა, რამდენადაც წინ საპრეზიდენტო არჩევნები და ნოემბერში, აღმოსავლეთ პარტნიორიობის სამიტი გველის ვილნიუსში, ჩვენ ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება, რათა შევძლოთ მილიონობით ქართველის მისწრაფებების განხორციელების გაგრძელება, მისწრაფებების, რომელიც ერთ დროს ვარდების რევოლუციის იმედებსა და იდეალებს წარმოადგენდა", - აღნიშნავს წერილში საქართველოს პრემიერმინისტრი.

კომენტარები