პარტიების დაფინანსება

გაჩეჩილაძე: თუ არჩევნებში მონაწილეობა არ მიგვიღია, როგორ ვართ პარლამენტში?

prime-news.ge

პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში უთანხმოებაა. უმრავლესობის წევრი, მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე ზაქარია ქუცნაშვილის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე წარმოდგენილ კანონპროექტს ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ მას პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების წესის დახვეწასთან "საერთო არაფერი აქვს".

"კანონპროქტით პრინციპი, ფორმულა და სხვა სამართლებრივი საკითხები არ იცვლება და იცვლება მხოლოდ ის, რომ გარკვეულ კატეგორიას - 14 პარტიას დაფინანსება ემატება და ამასთან ერთად, რამდენიმე პარტიას ბონუსად დახმარება ეძლევა, რომ არ გარდაიცვალონ, ეს გადაწყვეტილება არის თუ არა პოლიტიკური? თუ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და აშკარაა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არავითარი საერთო მას დაფინანსების წესის დახვეწასთან არ აქვს, მაშინ არის თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება ისიც, რომ ორი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში, რომელმაც არჩევნებში მონაწილება არ მიიღო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული ოცნებისთვის ბრძოლაში ხელი არ შეეშალა, ისინი არ იღებენ დაფინანსებას? ჩვენ ორი პარტია აქ წარმოდგენილი ვართ ჩვენი პარტიის სახელით და ის არგუმენტი, რომ ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა არ მიგვიღია, არ არის სწორი. მაშინ, სადა ვართ ახლა და როგორ ვართ პარლამენტში წარმოდგენილი, თუ არჩევნებში მონაწილეობა არ მიგვიღია?" -  ასე მიმართა გია გაჩეჩილაძემ ზაქარია ქუცნაშვილს პარლამენტის სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ბლოკი ქართული ოცნება 6 პარტიამ დააფუძნა. კოალიციის სახელით საპარლამენტო უმრავლესობაში ასევე მოხვდნენ  მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გია ჟორჟოლიანი. აღნიშნული პარტიები კოალიციის დამფუძნებლები არ არიან და, შესაბამისად, არც საბიუჯეტო დაფინანსება ეკუთვნით.

ზაქარია ქუცნაშვილმა პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებით დღეს განაცხადა:

"არჩევნებში მონაწილეობა და შედეგის ჩვენება უნდა იყოს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლების განმსაზღვრელი. როგორც გაიზომება ეს, შეთანხმების საგანია. სხვა შემთხვევაში, წავახალისებთ პარაზიტულ პარტიულ ფუნქციონირებას, როცა პარტიები ბიუჯეტის პარაზიტებად იქცევიან. პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა ბევრი პარტიის ლიდერს საშუალებას მისცემს, პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილოს და გადასახადის გადამხდელის ფული პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის მოიხმაროს".  

მოგვიანებით გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ის პროტესტის ნიშნად უმრავლესობისა და ფრაქცია ქართული ოცნების არც ერთ სხდომას არ დაესწრება. იგი უმრაველობის შემადგენლობაში რჩება, "ყოველ შემთხვევაში ეს ასე იქნება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია კოალიციაში". 

კომენტარები