საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

მედვედევი: 2008 წელს რუსეთმა თავდაცვის უფლების რეალიზება მოახდინა

რუსეთის პრემიერმინისტრი მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთი საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით მოქმედებდა და თავდაცვის უფლებას იყენებდა - ამის შესახებ დმიტრი მედვედევმა გადაცემა პოზიციისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მედვედევი მიიჩნევს, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მან, როგორც პრეზიდენტმა, მიიღო 2008 წელს, სწორი იყო:

"სამწუხაროდ, ის რაც მოხდა - მოხდა. ჩემი შეფასება, რა თქმა უნდა, მას შემდეგ არ შეცვლილა. მიმაჩნია, რომ იძულებულნი ვიყავით, ამგვარად გვეპასუხა შესაბამის აგრესიულ ქმედებაზე, რომელიც მაშინ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს. მოვლენების ყველა შემდგომი განვითარება წინასწარ იყო განსაზღვრული სწორედ ამ ფაქტით - მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის და ვითარებაში ჩარევის აუცილებლობის ფაქტით.

მოვიქცეოდი თუ არა ანალოგიურად ასეთ სიტუაციაში? დიახ. მიუხედავად იმისა, რომ ეს უმძიმესი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც მომიხდა, ზუსტად ასევე მოვიქცეოდი. მოვლენათა მთელი ჯაჭვი, ისტორია, რომლიც მას შემდეგ განვითარდა, ამტკიცებს, რომ მთლიანობაში, ეს დაბალანსებული გადაწყვეტილებები იყო, რომლებმაც ვითარების შენარჩუნების შესაძლებლობა მოგვცა. ყველაზე საშინელი ხომ ის იქნებოდა, რომ ის შეტაკებები და საბრძოლო ოპერაციები, ადამიანების დაღუპვა, 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგაც პერმანენტულად გაგრძელებულიყო? ასეთი საფრთხე კი იყო და მიმაჩნია, რომ მიღებულმა ზომებმა საშუალება მოგვცა, დაგვემშვიდებინა სიტუაცია. დიახ, ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილებები, მაგრამ ამ მხრივ ყველაფერი სწორად იყო გაკეთებული", - ამბობს მედვედევი.

ნინო შუბლაძის კითხვას, გახდა თუ არა პრობლემა რუსეთისთვის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ჯარებს აფასებს, როგორც საოკუპაციოს, რუსეთს ადანაშაულებენ ეთნიკური წმენდის ჩატარებასა და 12 აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობაში, მედვედევი პასუხობს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქმედებები საერთაშორისო სამართლის ზოგად პრინციპებს ეყრდნობოდა და ის თავდაცვის უფლების რეალიზებას ახდენდა:

"ეს პრობლემაა რუსეთისთვისაც, საქართველოსთვისაც, აფხაზეთისთვისაც და სამხრეთ ოსეთისთვისაც, მაგრამ ეს სიტუაცია დღემდე არ არის ბოლომდე მოგვარებული, ეს რა თქმა უნდა პრობლემაა. მაგრამ მთავარი ხომ ის არის, რა კვალიფიკაციას მივცემთ ამ ქმედებებს. შეფასებები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, ისეთებიც, როგორც თქვენ თქვით და ისეთიც, როგორი კვალიფიკაციაც ჩვენ მივეცით და რომელსაც, სხვათა შორის, შემდგომ დაეთანხმა მთელი რიგი სხვა სახელმწიფოებისა. ჩვენ დავეყრდენით და ვეყრდნობით იმას, რომ ამ პერიოდში რუსეთის ფედერაციამ გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, მოახდინა თავდაცვის უფლების რეალიზება. მას შემდეგ, რაც სამხედრო დარტყმები განხორციელდა ჩვენს სამშვიდობო ფორმირებებზე, დაიღუპა ხალხი და ამას ახლა, კომისიების მუშაობის შემდეგ, უკვე ყველა აღიარებს. სხვათა შორის, იმ ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილიც, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, საქართველოს მოქალაქეები. ეს ერთი, და მეორე - ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები იყვნენ და იმ მომენტში იმყოფებოდნენ ჩვენს ტერიტორიაზე, ასევე დაზარალდენენ და დაიღუპნენ. ამიტომ, ჩვენ მიერ მიცემული კვალიფიკაცია რჩება იგივე: ის ეყრდნობა საერთაშორისო სამართლის ზოგად პრინციპებს და გაეროს წესდებას, თავდაცვის უფლებას, რომელიც გულისხმობს პასუხის გაცემას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, კაცობრიობის ისტორიაში ეს ხდებოდა და დღემდე ხდება", - ამბობს მედვედევი.

მისივე თქმით, რუსეთმა ე.წ. სარკოზის გეგმის ყველა პუნქტი შეასრულა, მათ შორის, ჯარების გაყვანა ომამდელ პოზიციებზე:

"რუსეთის მხარის პოზიცია, ჩვენი განზრახვების შინაარსი სრულიად შეესაბამება იმ ტექსტს, რომელიც არსებობს. არა ერთხელ მითქვამს, რომ იოტისოდენადაც არ გადაგვიხვევია ე.წ. მედვედევი-სარკოზის გეგმიდან. ჩვენ გამოვიყვანეთ ჯარები და შევეცადეთ, დაგვეწყნარებინა სიტუაცია... ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ გამოვიყვანეთ ჩვენი ჯარები ომამდელ პოზიციებზე. მათ დატოვეს საქართველოს ტერიტორია. ისინი საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებიან. ამ თვალსაზრისით ყველაფერი შესრულებულია. რაც შეეხება სხვა ტერიტორიული წარმონაქმნების ტერიტორიებს, ეს უკვე აფხაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხია. ჩვენთვის ისინი ამჟამად საერთაშორისო სამართლის სუბიექტები არიან და იქ ჩვენი ჯარების ყოფნა ეყრდნობა შესაბამის საერთაშორისო შეთანხმებებს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ", - ამბობს რუსეთის პრემიერმინისტრი.

კომენტარები