საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

მედვედევი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე: შეგახსენებთ, ბირთვული ქვეყანა ვართ

რუსეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას არ მიესალმება და შეახსენებს მას, რომ რუსეთი "ძალიან დიდი, ბირთვული არსენალის მქონე" ქვეყანაა, რომელსაც თავისი ნაციონალური მიდგომები აქვს - ამის შესახებ დმიტრი მედვედევმა რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

პრემიერმინისტრის თქმით, რუსეთი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას უყურადღებოდ ვერ დატოვებს:

"ჩვენ, რბილად რომ ვთქვათ, არ მივესალმებით საქართველოს გაწევრიანებას NATO-ში, მიუხედავად თქვენი ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებებისა. არა იმიტომ, რომ ვთვლით, საქართველოს ამის უფლება არ აქვს - ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, არჩევანი ამა თუ იმ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის თუ გაერთიანების სასარგებლოდ გააკეთოს - მაგრამ ჩვენ გამოვდივართ არა თქვენი მიდგომებიდან, არამედ ჩვენი მიდგომებიდან. ეს ჩვენი ნაციონალური მიდგომაა, თქვენ თქვენი მიდგომა გაქვთ. თუ რუსეთის მახლობლად (და შეგახსენებთ, რომ რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა, უდიდესი ბირთვული არსენალით, ამის იგნორირება არ შეიძლება) გაჩნდება სახელმწიფო, რომელიც იქნება სხვა სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წევრი, რომლის ბირთვული რაკეტები, როგორც ცნობილია, დამიზნებულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, ამას რუსეთი უყურადღებოდ ვერ დატოვებს. დიახ, ჩვენ NATO-სთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება", - ამბობს მედვედევი.

ნინო შუბლაძის კითხვას, თუ რატომ აღიქვამს რუსეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას საფრთხედ, მაშინ, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსის წევრები არიან, მედვედევი პასუხობს, რომ რუსეთს არც ეს მოსწონს:

"და თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ მოგვწონს, რომ ისინი NATO-ს წევრები არიან? ჩვენ ასევე არ მოგვწონს, ისინი სტაბილური მეზობლები არიან. მე მსურს, ჩვენც გვქონდეს სტაბილური, კეთილი ურთიერთობები, ნორმალური მეზობლები ვიყოთ, მით უმეტეს, რომ ჩვენს ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი და ძალიან მეგობრული ისტორიაა. მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ საკითხი ადამიანებს შორის ურთიერთობას არ ეხება, არამედ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, ეს ურთიერთობები კი ამჟამად სხვა პრინციპებზეა აგებული. თუ საქართველო, ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა - არა აქვს მნიშვნელობა, უკრაინა, ან სხვა რომელიმე - გახდება სხვა სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წევრი, ჩვენ ამ ფაქტის იგნორირება არ შეგვიძლია", - ამბობს რუსეთის პრემიერმინისტრი.

მისივე თქმით, NATO-ში გაწევრიანება საქართველოს არაფერს შემატებს და "ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია". ამასთან, მედვედევი ამბობს, რომ ეს რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი დაძაბულობის წყარო გახდება:

"ეს საქართველოსთვისაც ცუდია. თქვენ ამით თითქმის არაფერი შეგემატებათ, რადგან თანამედროვე მსოფლიოში სამხედრო კონფლიქტები დაუშვებელია. სხვათა შორის, ეს მაგალითი აჩვენებს, რომ არ გამართლდა ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის გათვლა იმაზე, რომ მსგავს სიტუაციებში NATO არ მისცემდა ჩარევის საშუალებას, ან კიდევ რაღაც მოხდებოდა. ეს იმიტომ, რომ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა სხვა, გაცილებით უფრო სერიოზული ფასეულობები. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც არაფერი შეემატება საქართველოს, როგორც სუვერენულ, კარგად განვითარებად ქვეყანას, ამავე დროს კი, ჩვენს ქვეყნებს შორის შექმნის მრავალწლიანი დაძაბულობის წყაროს. ეს უკვე იქნება არა 2008 წლის კონფლიქტის გამო, რომელიც იყო თქვენს ქვეყანასა და ამ პატარა ერებს შორის, არამედ უკვე სხვა მიზეზით, თავდაცვის კუთხით, რადგან თქვენ გახდებით მსხვილი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წევრი, რომელიც წარმოადგენს სავარაუდო მოწინააღმდეგეს გარკვეული სიტუაციების შექმნის შემთხვევაში", - ამბობს მედვედევი.

კითხვას, შეიძლება თუ არა რუსეთმა საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას ხელი შეუშალოს, პრემიერი პასუხობს, რომ ხელშეშლა მხოლოდ NATO-ს შეუძლია:
"თუ საქართველო NATO-სკენ მიისწრაფვის, მისთვის ხელის შეშლა მხოლოდ NATO-ს შეუძლია. რუსეთი არ არის NATO-ს წევრი, ჩვენ იქ ხმა არ გაგვაჩნია, ჩვენ იქ არ გვისმენენ, ჩვენ იქ არ გვეპატიჟებიან. ჩვენ პერიოდულად ვხვდებით ერთმანეთს. მე მივიღე მონაწილეობა NATO-რუსეთის სესიაში. შეიძლება კარგი საუბარი გაიმართოს. თუმცა, ჩვენ ახლა NATO-სთან ჩვენი პრობლემები გვაქვს, მაგალითად, ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, მაგრამ მათ გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ ვახდენთ. ამიტომ, ეს იქნება თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კომპეტენციაში. თუმცა, ვთვლი, რომ ამაზე უნდა იფიქრონ საქართველოს მოქალაქეებმაც და თქვენმა ხელმძღვანელობამაც - ზოგადად, რამდენად სასარგებლო იქნებოდა ევროპისთვის საქართველოს NATO-ში გაწევრიანება", - მიაჩნია მედვედევს.

მედვედევის აზრით, განცხადებებმა საქართველოსთვის NATO-ს ღია კარის შესახებ, 2008 წელს "ფატალური როლი" შეასრულა.

"ამგვარმა განცხადებებმა ფატალური როლი შეასრულა ზოგიერთი სუმბურული გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც დანაშაულებრივ ავანტიურაში გადაიზარდა. ასეთი განცხადებები რომ არ გაკეთებულიყო, შესაძლოა, ბატონ სააკაშვილსაც ჰყოფნოდა გონიერება და 2008 წელს ტანკებითა და სარაკეტო დანადგარებით კი არ წასულიყო ცხინვალის მიმართულებით, არამედ მოსკოვში ჩამოსულიყო მოლაპარაკებაზე, რაზეც ჩვენ მანამდე შევთანხმდით", - ამბობს რუსეთის პრემიერი.

კომენტარები