საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

მედვედევი მავთულხლართების გაბმაში რუსეთის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს

en.academic.ru

დმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოში საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გაბმის პროცესი და ადამიანების გატაცების საკითხები არა რუსეთის, არამედ სამხრეთ ოსეთის „კომპეტენციაში შედის" - ამის შესახებ რუსეთის პრემიერმინისტრმა გადაცემა პოზიციასთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

მედვედევი საქართველოს ამ ყველაფერზე მსჯელობას პირდაპირი მოლაპარაკების გზით ურჩევს:

"ყველა გადაწყვეტილებას, რაც უფლებამოსილების განხორციელებას ეხება, იღებს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და, შესაბამისად, აფხაზეთის ხელისუფლება. ამიტომ ეს შეკითხვები მათ უნდა დაუსვათ იმის მიუხედავად, რომ ჩვენ შესაბამის ხელისუფლებებთან გვაქვს პოზიტიური დამოკიდებულება და შეთანხმებები. კიდევ გავიმეორებ: მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება, და მაშინ შეიძლება ყველაფერზე მსჯელობა – ხაზის გადაწევაზეც, რეალურ ჰუმანიტარულ პრობლემებზეც და ლტოლვილებზეც. ასეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კომპეტენციაში შედის, პასუხისმგებლობას სამხრეთ ოსეთის ხელისუფება იღებს და მოლაპარაკებაც მათთან უნდა აწარმოოთ. მაგრამ მინდა, რომ თქვენც გაიგონოთ ჩემი ნათქვამი, რადგან ამჟამად პოზიცია ძალიან ცალმხრივია. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებს მათთან კონტაქტს, ეს კი არასწორია – და არა იმიტომ, რომ საუბარი მიდის იმ კონფლიქტზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ცნობილი მხარეები და სადაც ჩვენ ყველანი აღმოვჩნდით ჩართული, არამედ არსშივე არ არის სწორი. მსგავსი კონფლიქტები არასდროს წყდება სხვაგან, მათი გადაჭრა შეიძლება მხოლოდ ადგილზე და მხოლოდ პირდაპირი კონტაქტის გზით. მინდა, რომ ეს ყველამ გაიგოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებმაც", - ამბობს მედვედევი.

 

კომენტარები