ჩემპიონთა ლიგა

დინამო ევროპა ლიგაზე გადაერთო

დინამო თბილისი

ბუქარესტში, ადგილობრივმა სტიაუამ, დინამო თბილისს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში უმასპინძლა. პირველი მატჩი თბილისში, რუმინელთა გამარჯვებით, ანგარიშით - 0:2 დასრულდა და, შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე გასვლის მნიშვნელოვნად მეტი შანსი სტიაუას ჰქონდა.

დუშან უჰრინმა, შეხვედრაში, რომელსაც 40 000-მდე გულშემატკივარი დაესწრო, ისეთივე შემადგენლობა გამოიყვანა, რაც თბილისულ მატჩში. შეხვედრა 6 წუთის დაწყებული იყო, როდესაც დინამოს დაცვის შეცდომას გოლი მოჰყვა. ლატოვლევიჩის დარტყმული, გიორგი ლორიას ფეხებს შორის გაუძვრა და თბილისელების უსაფუძვლო აპელირებამ თამაშგარე მდგომარეობაზე, საქმეს არ უშველა - სწრაფი გოლი, რომელიც წესით დინამოელებს უნდა გაეტანათ, სტიაუამ გაიტანა. საერთოდ, არა მხოლოდ რუმინელებთან დაპირისპირებაში, ფარერების სტრეიმურთან ორივე შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ დინამოს სუსტი დაცვის ხაზი ჰყავს და თუ ეს რგოლი არ გამოსწორდა, მომავალში ევროტურნირებზე შედეგის მიღწევა უჰრინის გუნდს ძალიან გაუჭირდება. დაცვასთან ერთად, აღსანიშნავია საყრდენის პრობლემა, რომელიც გრაიციარის ტრავმის შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ელგუჯა გრიგალაშვილი ნამდვილად კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მოედნის ცენტრალურ ნაწილში მისი და ხმალაძის წყვილი აშკარად სუსტია, მათ ბურთის ამოტანა ძალიან უჭირთ. 

გოლის შემდეგ, დინამომ რამდენიმე შეტევა განახორციელა, თუმცა ფლანგებიდან რუმინელი ფეხბურთელები მეტად აქტიურობდნენ. სტიაუას ფლანგებზე საკმაოდ ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავდა, რომელთა შეჩერებას ქართველები რთულად ახერხებდნენ. ნათელი წერტილი, მეორე ნახევრის საწყისი 20 წუთი იყო, როდესაც დინამოელები გააქტიურდნენ და 48-ე წუთზე გოლიც გავიდა. ჩისკომ კუთხურიდან კარგად ჩააწოდა და უსტარიცმა შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა - 1-1. ამის შემდეგ, დინამო კვლავ ფლობდა უპირატესობას, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ პერიოდამდე. შეცვლაზე შემოსულმა დორინ გოგამ და პატრიკ ვუომ, შეხვედრაში მნიშვნელოვანი გარდატეხა ვერ შეიტანეს. ბოლოს რუმინელებმა ერთგვარი შტურმიც მოაწყეს და ყველაფრის ფონზე, 1-1 უჰრინის გუნდისთვის სტუმრად კარგი შედეგი იყო.

"პირველ რიგში, სტიაუას შემდეგ ეტაპზე გასვლას მივულოცავ. ორივე გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში იბრძოდა და ვფიქრობ, მაყურებელმა კარგი, სანახაობრივი შეხვედრა იხილა. ჩემმა გუნდმა თამაში პასიურად დაიწყო, გოლი გავუშვით - თუმცა მეორე ტაიმის სასტარტო 20 წუთი კარგად ვითამაშეთ, გოლიც გავიტანეთ და ანგარიშში წონასწორობა აღვადგინეთ. მეტოქის კარის აღება კიდევ რამდენჯერმე შეგვეძლო, რომ გაგვეტანა, მატჩი უფრო საინტერესოდ წარიმართებოდა. მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა დავასრულეთ, წინ ევროპის ლიგის პლეი-ოფი გველის, თუმცა მანამდე საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა ზესტაფონის წინააღმდეგ გვაქვს სათამაშო", - განაცხადა პრესკონფერენციაზე დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გაირკვევა, თუ ვის შეხვდებიან დინამოელები ევროპა ლიგის პლეი-ოფში.

კომენტარები