სკოლამდელი აღზრდა

გიგი უგულავა თინა ხიდაშელს: თქვენ იტყუებით და თან ურცხვად

ტაბულა

თბილისის მერი გიგი უგულავა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს თინა ხიდაშელს სიცრუეში ადანაშაულებს.

მერიის ვებგვერდზე გიგი უგულავას განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია:

"ქალბატონ თინას ცილისწამების უცნაური ფორმა აქვს არჩეული, ჯერ ადამიანს ბრალს სდებს და იქვე ამბობს, რომ ფაქტებს ახლა სწავლობს და გვარებს მოგვიანებით დაასახელებს. რა მნიშვნელობა აქვს, ქალბატონო თინა, ბრალი ხომ დასდეთ, ეხლა სხვამ იდარდოს და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. მინდა მარტივად და ლაკონურად გითხრათ: თქვენ იტყუებით და თან ურცხვად, ეს კი მხოლოდ თქვენი პრობლემაა. საზოგადოებამ იხილა, რომ გუშინ მე აბსოლუტურად კონსტრუქციულად, თანამშრომლობის რეჟიმში, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, დავაყენე საკითხები და საკრებულოს უმრავლესობას შევთავაზე მსჯელობა პრობლემის მოსაგვარებლად, პასუხად კი ვიღებთ ღვარძლსა და ცილისწამებას. ჩემთვის ორმაგად გასაკვირია, რომ ქალბატონი თინა ხიდაშელისა და ირაკლი შიხიაშვილის რიტორიკა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. გასაკვირია რა მოხდა და ასე რამ დაამსგავსა ისინი ერთმანეთს".

თინა ხიდაშელმა თბილისის მერის 6 აგვისტოს განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბაგა-ბაღების შენობები თბილისის მერიამ "სრულიად უკანონოდ გაყიდა" და "მათი უმრავლესობა მერიის მაღალჩინოსნების ხელშია".

"ამ საკითხის ასე წარმოჩენა, რომ ასე ზრუნავს ბავშვებზე და გაგიჟებულია, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რის გამოც ამომრჩეველმა უარი უთხრა ამ ხალხის ტყუილს და ცინიზმს. გაცილებით მეტი ფული აქვს თბილისის მერიას ამ საქმეში დასახარჯად", - აღნიშნა ხიდაშელმა.

კომენტარები