საგარეო ურთიერთობები

კონდოლიზა რაისს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა არ აქვს

Department of State

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერი უარყოფს 25 ივლისს გაზეთ Известия-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, კონდოლიზა რაისი საქართველოს პრემიერმინისტრის კონსულტანტი გახდება.

"ეს ამბავი არ არის სწორი", - აღნიშნა რაისის პრესსპიკერმა Washington Free Beacon-თან საუბარში და იქვე განმარტა: "კონდოლიზა რაისს არ აქვს ფორმალური ან არაფორმალური ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან ან რომელიმე უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან, ამ თვალსაზრისით. იგი რეგულარულად ხვდება კანონმდებლებს, ელჩებსა და მთავრობის წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, როდესაც ისინი ქალაქში იმყოფებიან, და მეტი არაფერი".

რაისის პრესსპიკერი იმასაც აცხადებს, რომ რამდენადაც იგი საქმის კურსშია, აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემაც უარყო. 

25 ივლისის გამოცემაში გაზეთი Известия თედო ჯაფარიძეს ციტირებდა - "ძალიან კარგი და თბილი საუბარი გვქონდა. მისი გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენების ინიციატივა თავად რაისისგან წამოვიდა. ის მხარდაჭერას დაგვპირდა და რეგიონალური უსაფრთხოებისა და რუსეთთან ურთიერთობის კუთხით, რამდენიმე რჩევა მოგვცა" - წერია გაზეთში.

თედო ჯაფარიძემ Известия-ში გამოქვეყნებული ინფორმაცია მართლაც უარყო. "გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი და კონდოლიზა რაისთან შეხვედრისას განხილული თემების არასწორი ინტერპეტაციაა". - განაცხადა ჯაფარიძემ.




კომენტარები