2008 წლის აგვისტოს ომი

სააკაშვილი: ომი არ იქნებოდა, თუ საქართველო არ იარსებებდა, როგორც სახელმწიფო

საქართველო-რუსეთის ომის გარდაუვალი აუცილებლობა არ იარსებებდა, თუ საქართველო არ იარსებებდა, როგორც სახელმწიფო. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა. 

სააკაშვილის თქმით, თუ საქართველო 2004 წლიდან მოყოლებული რუსეთის პირობებს შეასრულებდა, ხოლო ქვეყანას იგრო გიორგაძე, ვარდიკო ნადიბაიძე და რუსეთის მიერ დანიშნული სხვა ადამიანები ჩაიბარებდნენ, პრობლემაც არ შეიქმნებოდა.

"რუსეთის აგენტების მიერ მართულ საქართველოზე რუსეთს სამხედრო შეტევა არ დასჭირდებოდა, რადგან ასეთი საქართველო საკუთარ თავს თვითონ უტირებდა ყოფას და გამოუყვანდა წირვას", - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ, რუსეთი შეშინდა, რადგან მას ჯერ უკრაინამ და ყირგიზეთმა მიბაძეს, მოგვიანებით კი მოსკოვშიც წარმოიქმნა საპროტესტო ტალღა. მისივე თქმით, გივი თარგამაძეს ვლადიმერ პუტინი დღემდე "პირად მტრად" სწორედ ამიტომ მიიჩნევს.

სააკაშვილის განცხადებით, საქართველო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც რეალურად მოახერხა და პუტინს წაართვა თავისი გავლენის სფერო: "აჭარის დარუნება მისი რუსეთისთვის წართმევას ნიშნავდა", - აღნიშნა სააკაშვილმა. მისი თქმით, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს არ მომხდარიყო, თუმცა აჭარის დაბრუნების შემდეგ, პუტინს როგორც მგელს კრავმა, თვითონ დაურეკა და მადლობა გადაუხადა აჭარის საქართველოში რეინტეგრაციის კუთხით გაწეული კონსტრუქციული როლისთვის.

"მან მითხრა, რომ აჭარაზე დაგვეხმარნენ, მაგრამ აფხაზეთსა და ცხინვალზე იმავეს ვერ მივიღებდით. პირდაპირ მითხრა – შენ მე ერთხელ გამაცურე, მაგრამ შენი მოსატყუარი კბილი მოცვლილი მაქვს და ამას ვეღარ ეღირსებიო", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები