2008 წლის აგვისტოს ომი

სააკაშვილი: ამ ომს ვერ ავიცილებდით

"ქართველ ხალხს არ მოუცია ჩემთვის მანდატი თუნდაც უიმედო ბრძოლაში მტერთან ჩაბარების და სრული კაპიტულაციის გამოცხადებისთვის. ეს იყო, რა თქმა უნდა, რთული ბრძოლა, მაგრამ საბოლოო ჯამში ისტორია განგვსჯის ჩვენ, რადგან ქართული სახელმწიფოებრიობა ჩვენ გადავარჩინეთ. ასე რომ, იყო თუ არა აცილებადი ეს ომი, როგორც ფინეთი, ჩეხოსლოვაკია, ლიტვა, ავღანეთი, პოლონეთი ვერ აიცილებდნენ, ისე ვერ ავიცილებდით ჩვენც", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთმა დაიწყო ცხინვალით, თუმცა მთავარი სამიზნე თბილისი იყო. "ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომლის ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთმა დროებით მოახდინა, მაგრამ არცერთ კაპიტულანტურ ხელშეკრულებაზე არ მოვუწერეთ ხელი. ეს არის იმხელა სტრატეგიული მარცხი რუსეთისთვის, მაგრამ ეს არ არის ჩვენი გამარჯვება", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთი იძულებული გახდა ჩამდგარიყო წამგებიან მდგომარეობაში. "ახლა სეპარატისტულ რეგიონებთან კი აღარ გვაქვს საქმეს, საქმე გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ამას ყველა აღიარებს, მე მგონი, საქართველოს მთავრობის გარდა, რომელიც ოკუპაციაზე აღარ ლაპარაკობს. მაგრამ ამას აღიარებს აშშ, ევროპა, ჩვენი მეზობლები და ბევრი რუსი. ოკუპაციას ყოველთვის მოყვება დეოკუპაცია. რუსეთი პრაქტიკულად ჩადგა ისტორიულ ჩიხში, საიდანაც ან არის დანარჩენი საქართველოს დაპყრობაც, ან იმ ტერიტორიების დაბრუნება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები