2008 წლის აგვისტოს ომი

სააკაშვილი: ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩვენი ეკონომიკა მცირდებოდეს

ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენი ეკონომიკა მცირდებოდეს, ჩვენ არ გვაქვს უფლება, დიდი პროექტები გავაჩეროთ, რადგან ეს არის ჩვენი უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიის ძალიან მყარი საფუძველი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი2-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თუ საქართველოს უნდა რუსეთს თავი დააღწიოს, ერთადერთი გზა სწრაფი განვითარების გზაა.

"იგივე მედვედევმა თქვა, მეზიზღება სააკაშვილი, მაგრამ უნდა გადმოვიღოთ მისი რეფორმები. მედვედევის გამოგზავნილ ხალხს დავათვალიერებინეთ იუსტიციის სახლები, პოლიციის რეფორმა - აღფრთოვანებულები წავიდნენ, უბრალოდ თქვეს, რომ ჩვენ ეს არ გამოგვადგებაო. წარმოიდგინეთ, ლაზიკა რომ ყოფილიყო აშენებული საზღვართან. პირველ რიგში, აფხაზეთში მცხოვრები ქართველები მოებმებოდნენ ამ ლაზიკას, მერე დანარჩენები და აუცილებლად მერე აფხაზებიც", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი პროგნოზით, ბევრი ფაქტორი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი შემდეგ წლებში აუცილებლად გავა ჩრდილო კავკასიიდან: რუსეთს აქვს დაკარგული ეროვნული იდეა, რუსეთის ეკონომიკა წავიდა რეცესიაში, მიუხედავად ნავთობზე ფასისა, ფიქალურმა გაზმა გრძელვადიანი პერსპექტივა მოუსპო სამხედრო სიძლიერეს და პუტინი არის უკიდურესად არაპოპულარული. "ამიტომ ახლა რუსეთი ისეთი გაბრაზებულია, ფეხებში ჩავარდნის დრო არ არის, იმიტომ რომ სიბრაზისგან შეიძლება ისე ჩაგცხოს წიხლი, რომ სახე აღარ შეგრჩეს", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთს დღეს არაფრის შემოთავაზება არ შეუძლია, რადგან რუსეთი ეკონომიკურად მომაკვდავი სახელმწიფოა. "გაზპრომის წილი ევროპაში მცირდება, 47%-დან უახლოეს წლებში დავა 17%-მდე, რაც არის სრული კატასტროფის ტოლფასი. გაზპრომმა დაკარგა ამერიკის ბაზრები. და ეხლა კარგავს აზიის ბაზრებს. ეს იყო მათი ბოლო ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური ბერკეტი. მათი არმიის მოდერნიზაცია არ ხდება, და შიგნით აქვთ სერიოზული პოლიტიკური კრიზისი. აი, ამ პირობებში რაც შეიძლება შორს უნდა ვიყოთ ამ ყველაფრისგან, რომ ჩამოიქცევა, ჩვენ რომ არ დაგვექცეს თავზე. და შორს ყოფნა არის ევროატლანტიკური ორიენტაცია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ რუსეთის ბაზრის გარეშე საქართველო სწრაფად ვითარდებოდა. "კარგია, შეგვატანინონ ღვინო, მაგრამ ეს იქნება 0.1% ჩვენი ეკონომიკის. ჩვენი ეკონომიკური ბაზრები არის ყველა მიმართულებით, საითაც გაიხედავ და მათ შორის, რუსეთიც არის, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ისეთი კონკურენტუნარიანები ვიყოთ, ისეთი წარმატებულები ვიყოთ, რომ ყველასთვის ვიყოთ მიმზიდველები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა მოლდოვის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ მოლდოვამ საქართველოსგან განსხვავებით რუსეთს ძალიან ბევრი რამ დაუთმო, თუმცა სანაცვლოდ არაფერი მიუღია.

"აქედან უნდა გამოვიტანოთ ჩვენ გაკვეთილი. ჩვენ მთელ რეგიონს უნდა ვუყუროთ. მარტო ამერიკას და ევროპას არა - მათ შორის რუსეთსაც. მაგრამ ღმერთმა არ ქნას, რომ მხოლოდ მგლის ხახა იყოს ისევ ჩვენი ერთადერთი საბუდებელი", - აღნიშნა სააკაშვილმა. 

 

 

 

კომენტარები