2008 წლის აგვისტოს ომი

სააკაშვილი: დარწმუნებული ვარ, ისტორიის ვერდიქტი იქნება სამართლიანი

0 კომენტარი

სააქართველო ბოლო წლებში გლობალური მოთამაშე ხდებოდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა. "ეს შემთხვევითი არ არის, მეცხრე ადგილი, რეიტინგები, მსოფლიოს პირველი რეფორმატორი. ჩვენი ხალხი ბევრ რამეს ვერ გრძნობდა. ჩქარ ზრდას ხალხი ვერ გრძნობს, ეს ასეა - ვიცი. ბევრი გაჭირვებულია. მაგრამ დაცემას ხალხი იგრძნობს. და მე ამას არ ვამბობ ნიშნისმოგებით", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ უნდა გააგრძელოს გზა და არა რუსეთისკენ. "თუ ჩვენ გავაგრძელებთ თავის მოტუებას, რომ კოჭის გაგორებით, გარიგებით, უთავმოყვარეობით, ყველაფრის დათმობით, ვინმე თავზე ხელს გადაგვისმევს და უფასოდ გვაჭმევს და 35-მანეთიანი ბილეთებით გადავრჩებით, ეს იქნება გზა, რომელსაც არ მივყავართ არსად. ეს არის გზა, რომელსაც მივყავართ ქართული სახელმწიფოებრიობის დაკარგვისკენ. მეორე გზა არის ძლიერი საქართველო, რომელიც თავის უსაფრთხოებას პოვებს ევროკავშირსა და ნატო-ში. ეს არის გზა როდესაც ქვეყანა უყურებს რუსეთსაც, შუა აზიასაც, აღმოსავლეთის ქვეყნებსაც, შავიზღვისპირეთის ქვეყნებს და გლობალური მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს ძალიან ნათელი მომავალი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებს საქართველოს ისტორია და მომავალი თაობები განსჯის. "ქართული სახელმწიფო პირველად საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. თბილისი მართლა ხდებოდა ამიერკავკასიის ცენტრი, ბათუმი ხდებოდა შავი ზღვის მთავარი სიამაყე და ლაზიკა გახდებოდა და გახდება შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პორტი. ჩვენ ამას ყველაფერს ვაკეთებდით. რა გავაკეთეთ 2008 წელს, ეს ვიღაც კბილაშვილების, ნაცვლიშვილების და წულუკიანების განსასჯელი არ არის. მე განმსჯის საქართველოს ისტორია და იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, განსჯის მომავალი მრავალი თაობა ქართველების. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიის ვერდიქტი იქნება სამართლიანი", - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ის აპირებს ყვარელში, საკუთარ მამულში, გახსნას მეღვინეობის ცენტრი თავის დიდი ბიბლიოთეკით. "ეს მინდა იყოს სააკაშვილის ვაზის და ღვინის ცენტრი. მინდა, რომ თუნდაც კახელებმა იცოდნენ იმდენად ძვირად შეიძლება კახური ღვინის გაყიდვა ამერიკაში, ავსტრალიაში, სამხრეთ კორეაში და იგივე რუსეთში, რომ მოდით, ნუ დავხამდებით 35-მანეთიან ბილეთებს და ორდოლარიან ღვინოს. გავყიდოთ ჩვენი ღვინო 20 დოლარად, 30 დოლარად. და ვიცხოვროთ ბევრად უკეთესად და ბევრად უფრო დაცულად. ეს ბრძოლა კიდევ გასაგრძელებელია. ჩვენ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გვაქვს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები