დაკავება

ზუგდიდის გამგებლის მოადგილეს ყოფილმა დეპუტატმა ესროლა

Police.ge

ზუგდიდის გამგებლის მოადგილეს, მერაბ ქვარაიას, ცეცხლსასროლი იარაღიდან ყოფილმა დეპუტატმა, თენგიზ ჯგუშიამ, ესროლა. თუმცა, მას დაზიანებები არ მიუღია.

ჯგუშია სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი, ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება სოფელ რიყეში დაიწყო, სადაც ქვარაია და ჯგუშია ერთად იმყოფებოდნენ. მოგვიანებით მათ ნასვამ მდგომარეობაში ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც ყოფილი დეპუტატის მხრიდან გასროლა მოჰყვა.

მოძრაობა "სამეგრელოს ხმის" წევრმა, ბეჟან შანავამ, დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ თენგიზ ჯგუშიამ საკუთარი ტაბელური იარაღიდან გაისროლა.თუმცა,შანავა უარყოფს, რომ ჯგუშიამ ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, მერაბ ქვარაიას, მისამართით ისროლა. მისი თქმით, ჯგუშიამ ჰაერში სამი ან ოთხი ტყვია გაისროლა, რაც გამაფრთხილებელი გასროლა იყო. 

თენგიზ ჯგუშიას ადვოკატის, ჯიტა გულუას, თქმით, საქმე ხულიგნობის მუხლით, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, აღიძრა,რაც 3-დან 7-მდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატი ამბობს, რომ ამ მუხლით ეს საქმე არ უნდა აღძრულიყო.

თენგიზ ჯგუშია მოძრაობა სამეგრელოს ხმის დამფუძნებელია. ის საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრი იყო. 1999 წელს კი პარტია აღორძინების სიით ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

 

კომენტარები