ტრაქტორების საქმე

სახალხო დამცველი ტრაქტორების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ombudsman.ge

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ტრაქტორების შეძენის საქმის გამოძიებაზე. განცხადებაში წერია, რომ ომბუდსმენის აპარატი ამ საქმეში ბრალდებულთა უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებს სწავლობს.

"ბრალდებულთა ახსნა-განმარტებები, რომლებიც მათ მიმართ პოლიციელებისა და პროკურორების მხრიდან განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე მიუთითებდა, რეაგირებისათვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა. თუმცა, პროკურატურისგან პასუხი დროულად არ მიუღია. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა - მამუკა ივანიაძემ, საჯაროდ განაცხადა აღიარებითი ჩვენების მისაღებად პროკურორების მხრიდან იძულებისა და ზეწოლის შესახებ, სახალხო დამცველმა განმეორებით მიმართა მთავარ პროკურატურას და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდება მოითხოვა", - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ მთავარმა პროკურატურამ მამუკა ივანიაძის ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატარა, თუმცა დანაშაულის ჩადენის ფაქტი ვერ დაადგინა.

"აღნიშნულის დასადასტურებლად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა ივანიაძის მიერ ჩვენების მიცემის პროცესის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით არსებობს ლეგიტიმური კითხვები (იყო თუ არა მ. ივანიაძე ინფორმირებული მისი ახსნა-განმარტების ჩაწერის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, არსებობდა თუ არა მისი თანხმობა, ვიდეოჩანაწერის გაკეთების თარიღი, დრო, ადგილი და სხვა), რასაც მთავარი პროკურატურის მიერ ა/წ 24 ივლისს გაკეთებული განცხადება დამაჯერებელ პასუხს ვერ სცემს", - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატმა ამ გამოძიების მასალები გამოითხოვა და, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხოლოდ მათი სრულყოფილად შესწავლის შემდეგ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას.

საქართველოს სახალხო დამცველი გუშინ, 8 აგვისტოს, ე.წ. ტრაქტორების საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზეც გამოხატავს თავის პოზიციას.

"საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ შუამდგომლობას, პატიმრობაში დარჩენილი ორი ბრალდებულისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლისა და პატიმრობიდან მათი გათავისუფლების შესახებ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სს საქმეზე ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად შეკრების შემდეგ, არ არსებობდა ბრალდებული პირების პატიმრობაში დატოვების საფუძველი", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი ასევე ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას, დაცვის მხარისათვის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობასა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების მიღებაში ხელის შეშლის ფაქტს შეეხება.

"სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ზემოხსენებული ფუნდამენტური უფლების განხორციელების გაუმართლებელი შეზღუდვა, სს საქმის მიმართ ობიექტურ კითხვებს აჩენს და მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანეს პრინციპს - მხარეთა შეჯიბრობითობას ლახავს", - ნათქვამია განცხადებაში..

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა გივი ქაიხოსროშვილის და ვაჟა ნახუცრიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ და ორივე პატიმარი 10-10-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კომენტარები