სოციალურად დაუცველები

ომბუდსმენი სოციალურად დაუცველთა გამოსახლებაზე განცხადებას ავრცელებს

ombudsman.ge

სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებიდან სოციალურად დაუცველთა გამოსახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, აპარატმა მოქალაქეების მიერ დაკავებული რამდენიმე სახელმწიფო ობიექტი მოინახულა.

განცხადებაში წერია, რომ ყოფილი მე-13 საჯარო სკოლის შენობიდან 29 ივლისს მოქალაქეები იძულებით გამოასახლეს, შენობაში მცხოვრები 30 ოჯახიდან კი თავშესაფრით მხოლოდ 8 ოჯახი დააკმაყოფილეს. დანარჩენ მაცხოვრებლებს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამოყოფაზე უარი უთხრეს. რაც შეეხება 142-ე სკოლაში მცხოვრებ 34 სოციალურად დაუცველ ოჯახს, ისინი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოასახლეს. ამ შემთხვევაშიც, საცხოვრებელი ფართით მხოლოდ 8 ოჯახი დააკმაყოფილეს. 

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გამოსახლების დროს ადგილობრივი გამგეობის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებოდნენ.

სოციალურად დაუცველთა განმარტებით, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისთვის ოჯახები საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური გასაცემლების დეპარატემენტმა შეარჩია. შერჩევის კრიტერიუმები კი უცნობია.

"საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოსახლების დროს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად უნდა მუშაობდნენ გამოსასახლებელი პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის საჭიროების საკითხის შესწავლაზე, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სწორედ აღნიშნული ორგანო წარმოადგენს უსახლკარო პირებისათვის თავშესაფრით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანოს", - წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველმა ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციით ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს მიმართა, თუმცა, შედეგი ვერ მიიღეს.

"საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ხორციელდება ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელი ოჯახების შერჩევა. ამ მიმართულებით აუცილებელია, რომ სამინისტროს მუშაობა იყოს გამჭვირვალე, ხოლო მოქალაქეებისათვის გაცემული პასუხი დასაბუთებული, რათა დაინტერესებულ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა დაამტკიცონ თავშესაფრით მათი უზრუნველყოფის აუცილებლობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხების შესწავლასა და მონიტორინგს განაგრძობს.

კომენტარები