სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტის როლი ჩემზეა გამოჭრილი

„მე მათგან [საფრანგეთის ხელმძღვანელობისგან] თანხმობა მივიღე იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დავნიშნო", – ასე გვამცნო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილის საქართველოს საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ 2004 წელს.

თუმცა, საფრანგეთის ყოფილ ელჩს, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელობაზე უარის თქმამ მალევე მოუწია. „საგარეო უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პირადი და დაუსაბუთებელი კრიტიკა ადამიანის მისამართით, რომელიც წარმოადგენს მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეს. ეს განცხადება მიუღებელია, როცა საქმე ეხება საგარეო საქმეთა მინისტრს [სალომეზურაბიშვილი] და იმ დროს, როცა ის ვიზიტად სხვა ქვეყანაში იმყოფება", – ასე უპასუხა ზურაბიშვილის უწყებამ პარლამენტარების უკმაყოფილებას საგარეო საქმეთა მინისტრის საქმიანობით.

2005 წლის ბოლოს სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი გახდა.

„თუ ქალბატონი მინისტრი თვლიდა, რომ [ქვეყანაში] ასეთი კატასტროფული მდგომარეობაა, ... ამის თაობაზე განცხადება მას [ზურაბიშვილს] ან მანამ უნდა გაეკეთებინა, სანამ გადადგებოდა ან ადრე უნდა წასულიყო ამ გუნდიდან... მაგრამ მე ნაკლებად მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც კრიტიკას მას შემდეგ იწყებენ, რაც მათ სავარძელი გამოეცლებათ", – უპასუხა მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ და შემდგომ, სააკაშვილის წინააღმდეგ თანამებრძოლმა – ნინო ბურჯანაძემ.

2010 წელს სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკა დატოვა. მიზეზად, დემოკრატიის ნაკლებობა დაასახელა – „ამ ქვეყანაში დღეს არ არსებობს ის მინიმალური დემოკრატია, რომ ოპოზიციამ იარსებოს... საერთოდ ჩაკლეს, დემოკრატიის ნასახიც აღარ არის... ოპოზიციონერობა ასეთ პირობებში ნიშნავს, რომ ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ხელისუფლების ილუზიებში და ტყუილში", – თუმცა მუქარანარევი ტონით დაგვპირდა, რომ დაბრუნდებოდა – „ვისაც ნაადრევად გაეხარდა ჩემი წასვლა, იმას შეიძლება არ გაუხარდეს ჩემი დაბრუნება და ამ დაბრუნების დრო მოვა".

ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დანაპირები შეასრულა და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, როგორც ამბობს, თუ ვერ გაიმარჯვა, პოლიტიკაში დარჩენას არ აპირებს – იმ საქმიანობას განაგრძობს, რითაც ახლაა დაკავებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

რატომ იყრის კენჭს და რას გეგმავს, ამ და სხვა კითხვებზე პასუხები ტაბულამ სალომე ზურაბიშვილისგან წერილობით მიიღო – სტილი დაცულია.

რა მიზანს ისახავს თქვენი მონაწილეობა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში?

ჩემი კანდიდატურა აუცილებლობიდან გამომდინარეობს... როცა გავიგე, რომ ოცნებიდან იგეგმებოდა პარტიული კანდიდატურის წარდგენა, იმთავითვე ამან გამოიწვია ჩემში რეაქცია და სურვილი დამოუკიდებელი კანდიდატურისა, რაც ბიძინა ივანიშვილს გავუზიარე... შემდგომ კი ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული საკათედრო ტაძრის კურთხევაზე ჩასულმა, ფოთში გადავწყვიტე ეს ჩემი მოსაზრება კიდევაც საზოგადოებისთვის გამეცნო! ეს აზრი ჩემში დამკვიდრდა, რადგან საქართველოს უახლოესი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხალხში დღეს გაჩნდა სურვილი ძალთა დაბალანსების, დამოუკიდებელი პიროვნების, ერთპარტიულობის საფრთხის თავიდან აცდენის, და წარსულის არგამეორების... ამავე დროს, მე კონსტიტუციის ცვლილებები კარგად შესწავლილი მქონდა და კარგად გაცნობიერებული, რომ თვით კონსტიტუცია მოითხოვს დამოუკიდებელ კანდიდატურას... სხვანაირად რომ ყოფილიყო, პრეზიდენტი არ იქნებოდა ხალხის მიერ არჩეული, არამედ როგორც ეს სხვა ქვეყნებშია გათვალისწინებული, პარლამენტის მიერ ანუ პარტიების დანიშნული... იმ სისტემებში პარტიის წარდგენილი და პარტიების არჩეული პრეზიდენტი უმრავლესობისგან დანიშნულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კოალიციური მთავრობა ირჩევს კომპრომისულ კანდიდატურას, მაგრამ ეს არის სხვა სისტემა. ჩვენს სისტემაში, სადაც ძლიერი ტენდენცია არსებობს წინა ხელისუფლებების მაგალითიდან, რომ უმრავლესობა დაეუფლოს მთავრობას და პარლამენტს საკონსტიტუციო უმრავლესობით, სამწუხაროდ, ასევე სასამართლო, აუცილებლად მეჩვენება, რომ ქვეყანაში არსებობდეს თავისუფალი და არა პარტიული ხმა და ავტორიტეტი, რომელიც ტოტალური ერთპარტიულობისგან ან ტოტალური პოლარიზაციისგან დაიცავს ქვეყანას. ჩვენი კონსტიტუცია სწორედ ამ ტიპის პრეზიდენტს გვთავაზობს. ნაკლებუფლებიანი, ცხადია, ვიდრე სააკაშვილის მიერ შემოტანილი და შემდეგ კიდევ გაძლიერებული ფრანგული ტიპის პრეზიდენტობა, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრის შემძლე, იმდენად, რამდენადაც ის ატარებს ხალხის ნდობას და ლეგიტიმურობას!

Sergey Lavrov and Salomé Zourabichvili. Tbilisi. 2005.
ფოტო: Reuters

მეორე მიზეზი ჩემი გადაწყვეტილების გახლდათ თვით ფუნქციების ჩამოწერა კონსტიტუციაში, რომელიც მთავარ პირველივე აქცენტს აკეთებს პრეზიდენტის მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო ურთიერთობებში, რაც მგონი პირდაპირ ჩემზეა გამოჭრილი.

მესამე, რამაც განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება, კიდევ ის არის, რომ ქვეყანაში შემარიგებელი ეროვნული გამაერთიანებლის როლი დადგა, ამას ვერ შეასრულებს რომელიმე პარტიის კანდიდატი, ის მხოლოდ დაპირისპირების გაღრმავებას შეძლებს, როცა ქვეყანაში იგრძნობა აგრესიის და პროვოკაციების მიმართ გადაღლა... და ბოლოს, მე თუ არ ჩავთვალე ჩემს მოვალეობად, რომ არ დამეთმო თუნდაც მეორე ადგილი, ის ცარიელი ადგილი, რომელიც მისცემდა იმ ძალებს საშუალებას, რომლებმაც უკვე დაკარგეს მორალური უფლება ქვეყნის მართვის, ისევ გამოჩენის და ხელახლა დამკვიდრების ქართულ პოლიტიკურ სივრცეში! ეს იქნება აწ დამარცხებული და ჯერ არპატიებული ნაცმოძრაობა, როგორც ქვეყნის ძველი შევარდნაძისეული ძალები (ხშირ შემთხვევაში, ერთსა და იმავე ადამიანებზე ვსაუბრობთ, ორივე პერიოდში აქტიურები რომ არიან).

შეიძლება ითქვას, რომ ჩემი გადაწყვეტილების სათავეში დგას ვალდებულების გრძნობა და ქვეყნის მომავლის ხედვა. თუ არა და, გავაგრძელებდი იქ მსახურობას, სადაც ახლახან გამიგრძელეს მანდატი და ნდობა ხელახლა გამომიცხადეს... ნებისმიერ მაღალ პოსტზე უფრო ღირებული მიმაჩნია დღეს იქ გამოჩენა, სადაც მგონია ვჭირდები და კიდევაც შესაძლოა გამოვადგე ჩემს ქვეყანას!

ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყნის კონსტიტუციური მოდელი იცვლება. არსებითად იცვლება ახალი პრეზიდენტის ფუნქციებიც. თქვენ როგორ ხედავთ ახალი მოდელის პრეზიდენტის როლს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში? რა მთავარი ამოცანები იქნება მის წინაშე? რატომ მიიჩნევთ, რომ თქვენ ხართ შესაფერისი კანდიდატი ამ ახალი მოდელის პრეზიდენტობის ფუნქციების შესასრულებლად?

მთავარი ამოცანა იქნება, ქვეყანას დაუბრუნოს თავისი სახე. უკვე დიდი ხანია დაწყებულია ქვეყნის დისკრედიტაციის კამპანია, რომელსაც არაერთხელ შევეწინააღმდეგე. ეს კამპანია მოიცავდა სურათს ქვეყნისა მიმართული წარსულისაკენ, ბნელი თუ არა, ბარბაროსული, სადაც თუ არა ნაციონალური მოძრაობა, სხვა დასავლური ძალები არ არსებობდნენ და სადაც ყველა სხვა მეტ-ნაკლებად რუსეთზე იყო ორიენტირებული, ზოგი კი პირდაპირ მოღალატეებად მონათლულნი... ეს დისკრედიტაცია კიდევ ახალ სიმაღლეზე იქნა აყვანილი ოქტომბრის არჩევნების დროს, მე კი მიმაჩნია, რომ ის საქართველო, რომლის ხატით მე გავიზარდე ანუ ტოლერანტული, გახსნილი სხვა კულტურების და რელიგიების მიმართ, შიგნით მზად დემოკრატიული წყობისათვის და გარეთ მისწრაფებული ევროპული ცივილური წყობისაკენ... – ის საქართველო უნდა ხელახლა ვაცნოთ უცხოეთს. ჩემთვის ნათელია, რომ ამგვარი დისკრედიტაციის შედეგი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს იზოლაცია და მის შედეგად ერთი-ერთზე დარჩენა რუსეთთან, რაც, ვიცით გამოცდილებიდან, არაფრის კარგის მომტანი არ იქნება ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენობისათვის! ამ საქმეს ანუ საქართველოსთვის თავისი რეალური სახის და ღირებულების, პატივის და სიამაყის დაბრუნებას, თავისი ადგილის და ფუნქციის მსოფლიოში და რეგიონში და თავისი ხმის ამოღების უფლებას!, ამას სჭირდება ის გამოცდილება დასავლეთის და აღმოსავლეთის, ჩვენს ახლო და შორ მეზობლებთან ურთიერთობების და, რაც მთავარია, გამოცდილება დიპლომატიური ენის და წესების, რომელიც მგონი არცერთ სხვა კანდიდატს არ გააჩნია ჩემსავით, რადგანაც მე არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან ვიცი იმათი წესები. ლაპარაკია არა მხოლოდ დიპლომატიის ფორმალურ მხარეზე, რომლის ადვილად შესწავლა შეიძლება, არამედ იმაზე, რასაც დიპლომატიური სტრატეგია ჰქვია და რაც გულისხმობს არა მხოლოდ პრაქტიკას, არამედ ქვეყნის ინტერესების გათვითცნობიერებას და მომავლის ხედვას. უნდა გრძნობდე თუ როდის დაიცვა შენი ღირებულებები და არ დაეთანხმო ყველაფერში, თუნდაც შენი უახლოესი პარტნიორების მოთხოვნებში, მაგრამ იცოდე, რა ფორმით და სტილით აიცილო თავიდან. და როდის წახვიდე დათმობაზე და კომპრომისზე, ოღონდ არა პრინციპების დათმობის ფასად... ამ დარგში ჩემი 40-წლიანი (დიპლომატიური საქმიანობა მაშინ დავიწყე 1974 წ.) გამოცდილება. საჭიროა არა მხოლოდ გამოცდილება ორმხრივი ურთიერთობების, საერთაშორისო ორგანიზაციების (ყველაში მიმუშავია), მაგრამ ასევე პერსონალურ კონტაქტებზე დაყრდნობილი ნდობა! ძალიან დასანანი იქნება, რომ გამოყენებული არ იქნას ამ უაღრესად საჭირო მომენტში ჩემი პოტენციალი ქვეყნის სასიკეთოდ!

ის ფუნქციები, რაც ახლა პრეზიდენტს დარჩება, არის, ერთი მხრივ, ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობა საგარეო ურთიერთობებში (ამ მხრივ თქვენ საკმაოდ კარგი გამოცდილება გაქვთ). თუმცა, მეორე ასპექტი არის ის, რომ პრეზიდენტი იქნება ერთგვარი არბიტრი და გარკვეული დოზით დამბალანსებელი ახალი პოლიტიკური სისტემის. იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტის ფორმალური პრეროგატივები მნიშვნელოვნად იკვეცება, როგორ მოახერხებს ცალკე მდგომი ფიგურა, რომელსაც არცერთი ძლიერი პოლიტიკური ძალა ზურგს არ უმაგრებს, პრემიერმინისტრის დაბალანსებას? მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ამჟამინდელი პრემიერი არის ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი და თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს პარლამენტში?

სანამ დაბალანსებაზე ვილაპარაკებთ, ჯერ უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს გამაერთიანებელი. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქციაა. მეტადრე ქვეყნისათვის, რომელსაც ჯერ ტერიტორიული კონფლიქტები მოგვარებული არა აქვს და რომელმაც გაატარა ბოლო ოცი წელი მისი ისტორიის დაპირისპირებაში და პოლარიზაციაში. ამ შემთხვევაში, მე, როგორც წინა ხელისუფლების მინისტრი, იმ პერიოდში, როცა ეს ხელისუფლება ჯერ კიდევ თავის ვარდების რევოლუციის დემოკრატიული დანაპირებების ერთგული რჩებოდა და, ამავდროულად, როგორც ერთ-ერთი მთავარი ლიდერთა შორის, ვინც დემოკრატიული პრინციპების დასაცავად წამოვედი ოპოზიციაში და იქ ვიბრძოლე 5 წელი – მათ შორის, ასი დღე ქუჩაში დგომით – გამაჩნია უნარი, რომ ვიყო სწორედაც გამაერთიანებელი არა პოლიტიკურ ძალთა შორის (კოჰაბიტაციის დამახინჯებული გაგებით), არამედ მოსახლეობის ყველა ნაწილის, რომელსაც ეს ღირებულებები აერთიანებს. როგორც ემიგრანტის შვილი და ქვეყანაში დაბრუნებული, ბუნებრივად განვასახიერებ ხიდს გარე და შიდა საქართველოსი და ამ მხრივადაც გაერთიანების. ჩემი საფრანგეთში და ამერიკაში ყოფნის დროს დაგროვილი კონტაქტებით ასევე შემიძლია ვიამაყო იმითი, რომ აფხაზ და ოს ხალხთან თავისუფალი ურთიერთობები მაკავშირებს... და ბოლოს, ალბათ, ჩემით უნდა დასრულდეს საქართველოს ისტორიის ყველაზე მტკივნეული ფურცელი ანუ ზვიადისტების და სხვების დაპირისპირებისა. მე, როგორც ადამიანი, ვინც მაშინ ქვეყნის გარეთ ვიმყოფებოდი და მონაწილეობა არ მიმიღია არცერთ დაპირისპირებაში, რომელიც ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე, ყოველთვის გადატრიალების და ძალის გამოყენების წინააღმდეგი ვიყავი (თუნდაც ჩვენი ოპოზიციის გაერთიანებაში) და, ამავე დროს, როგორც თავისუფალი ადამიანი, ყოველთვის ვაკრიტიკებდი ყოველივე პოლიტიკური გაღმერთების მცდელობას, ერთგვარად შესაძლოა ვაერთიანებდე ორ დაპირისპირებულ საქართველოს ერთი ცნების ირგვლივ, ანუ ეროვნული ღირებულებების დაცვისა და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის ირგვლივ.

ქართულ პოლიტიკურ ფოლკლორში შევიდა თქვენი გამონათქვამი – დიალოგი მართლაც ეშმაკის ენაა. ასეთი ფილოსოფიით რამდენად შეძლებთ არბიტრის როლის შესრულებას?

Nino Burjanadze and Salomé Zourabichvili at a protest rally. Tbilisi. 2009.
ფოტო: Reuters

გამოცდილ დიპლომატს ვერ დააბრალებთ, რომ დიალოგს ვერ აწარმოებს ან დიალოგის მნიშვნელობას და აუცილებლობას ვერ აფასებს. ბოლოს და ბოლოს, რუსეთთან დიალოგის ერთადერთი წარმატების მაგალითი მე მიკავშირდება! ამიტომ ეს მაშინდელი „პაროდიული ჩემი გამოსვლა" იყო მიზანმიმართული. მაშინდელი სააკაშვილის ხელისუფლების შემოთავაზება არა რეალური დიალოგისა, პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებდა და ამის ხალხისთვის გამოაშკარავება მინდოდა და კიდევაც მიღწეული იქნა და ამიტომ გამოიწვია ასეთი გაღიზიანება სახელისუფლო წრეებში და მათ მხარდამჭერთა შორის! იყო მოჩვენებითი დიალოგი, რომელიც ვერ გამოიტანდა შედეგს, რადგანაც ხელისუფლება მზად არ იყო თავისი მოწინააღმდეგეები და ქვეყნის ნახევარი მოსახლეობა ეღიარებინა, როგორც ღირსეული პარტნიორი და მისთვის რამე დაეთმო. ამ ფსევდოდიალოგის „ეშმაკურობა", სხვათა შორის, ყველასათვის გამოაშკარავდა იმ ცნობილ კადრში, სააკაშვილმა ხელის ჩამორთმევის მაგივრად გვერდი რომ ამიარა და ჩემი გაოცება გამოიწვია!.. ასევე ყალბი შემოთავაზება დიალოგისა და „კოჰაბიტაციის" იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეობისა... ესეც გავაშიშვლე და ვაჩვენე საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას, ხელისუფლება სიტყვების იქით არაფრისთვის მზად არ იყო, თუნდაც თავისი შემოთავაზების შესრულებისათვის. იმდროინდელი ნაცმოძრაობის ერთპარტიული ხელისუფლება არცერთი გაგებით არ აკმაყოფილებდა დღეს მისთვის სანატრელად გახდილ „კოჰაბიტაციას"! ესეც კარგი გასახსენებელია!

თქვენი მინისტრობის დროს ხელი მოეწერა რუსული ბაზების საქართველოდან გაყვანას, აქედან გამომდინარე, გთხოვთ შეაფასოთ ქართული გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით. მავთულხლართების გადმოწევისა და ონიშჩენკოს მხრიდან მუდმივი ბრალდებების ფონზე, რეალურად, არ გახსნილა რუსული ბაზარი საქართველოსთვის. რა მოვიგეთ ახალი გადატვირთვის პოლიტიკით? რა უნდა გაკეთდეს რუსეთთან ურთიერთობების დალაგების კუთხით? ხომ არ არის დათმობის პოლიტიკა წამახალისებელი რუსული აგრესიის?

არაერთხელ მითქვამს და დღესაც ამ აზრზე ვარ, რომ რუსეთთან (და, ვიტყოდი, ყველა სხვასთან) ჩვენი პოლიტიკა არც დათმობის და არც სისტემატური კონფრონტაციის, მით უმეტეს, მუდმივი ლანძღვის არ უნდა იყოს... პატარა ქვეყანა, როგორც გვეუწყება ჩვენი საუკუნოვანი ისტორია, ვერ იარსებებს ვერც ერთით და ვერც მეორეთი. ჩვენი გამოცდილება, პირიქით, ყოველთვის მიუთითებს იმას, რომ საქართველო ახერხებდა თავისი მთავარი ინტერესების დაცვას (ანუ პრინციპების არდათმობას) დიპლომატიის და დაბალანსების ხარჯზე. ომის არასოდეს ეშინოდა, მაგრამ ყველაფერს იღონებდა, არასოდეს არ რჩებოდა ერთი ერთზე მტერთან, სულ ეძებდა პარტნიორს და სამკუთხედს კარგად იყენებდა მასთან მოახლოებულ იმპერიებს შორის. სხვა გზა ქართულ პოლიტიკას არც გააჩნია. იყო დრო და ესეც შევძელით, სულ ვიხსენებ სიამაყით და ჩემს წიგნშიც ვახსენე, როგორ 2005 წლის მაისში საქართველო ამის სამაგალითო ადგილი გახდა, სადაც ზედიზედ ამერიკის პრეზიდენტი, რუსეთის წარმომადგენელი და ირანის პრეზიდენტი ისე ჩამოვიდნენ თბილისში, რომ არცერთს ჩვენთვის სასაყვედურო არ ჰქონია. სამწუხაროდ, ეს არაჩვეულებრივი მიღწევა და საერთოდ უნიკალური პოზიტიური სიტუაცია საერთაშორისო ურთიერთობებში მალე ჩვენვე გავაფუჭეთ და გადავედით ჩემი აზრით უშედეგო და უაზრო კონფრონტაციაზე. ისიც ვნახეთ, რა მოგვიტანა კონფრონტაციამ. დღეს კი მე ვერ ვხედავ გადატვირთვის პოლიტიკას (სხვათა შორის, ეს ტერმინი იხმარება ჩვეულებრივად არა საქართველოს მიმართ, არამედ ობამას მიერ პირველივე მისი არჩევნებიდან გამოცხადებული პოლიტიკის დასახასიათებლად რუსეთთან მიმართებაში)... მე რასაც ვაკვირდები, ჯერ არ არსებობს ახალი პოლიტიკა რუსეთის მიმართ. უფრო ცალკეული მიდგომები – ვიზები, სავაჭრო ურთიერთობები... რუსეთთან ახალი პოლიტიკის აღდგენა მოითხოვს იყოს კომპლექსური, მოიცავდეს ყველა იმ საკითხს, რომლის გამო არსებობს დაპირისპირება. და არა წერტილოვანი მოლაპარაკებები, სადაც ყოველთვის წაგებულები ვიქნებით. მეორე აუცილებლობაა, რომ ეს ჩვენი დიალოგის აღდგენა იყოს ზურგგამაგრებული ჩვენი დასავლეთის პარტნიორებისგან. სამწუხაროდ, დღევანდელი მათივე ურთიერთობები რუსეთთან ამას ხელს არ უწყობს დიდად... და ბოლოს, რაც ეხება კონფლიქტურ რეგიონებს, ძალიან კარგად უნდა იყოს ჩვენს მიერ ზღვარი გაყოფილი: რაც უნდა იყოს ჩვენი და რუსეთის მოსაგვარებელი ამ საკითხში და რაც უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი და ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების სალაპარაკო.

მოგეხსენებათ, რომ საქართველო არ არის ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა. ეკონომიკის განვითარების ხედვა ბოლო 20 წლის განმავლობაში სწორედ ამ პირობიდან გამომდინარეობდა. ქვეყანაში მაქსიმალურად შემწყნარებლური გარემო იქმნებოდა ადამიანების, ტვირთებისა თუ კაპიტალის შემოდინებისთვის. ეს ყველაფერი ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთელ რიგ ქვეყნებთან გამკაცრდა სავიზო რეჟიმი, გამოცხადდა მორატორიუმი უცხოელი ფერმერებისთვის სასოფლო- სამეურნეო მიწების შესყიდვაზე. როგორ განვითარდეს ქვეყანა, თუ ამ ყველაფერზე უარს ამბობს ან თუ ამ სტრატეგიას აგრძელებს, რა უნდა მოუხერხოს ამ პრობლემებს?

ამ საკითხს სჭირდება არაჩქარება, დაწყნარება, ჩვენი თავის და ინტერესების კარგად დანახვა და წარდგენა...

თქვენ იყავით ირანთან მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი, აქედან გამომდინარე, როგორ შეაფასებთ ხელისუფლების ინიციატივას ირანთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ? რას გამოიწვევს ეს ცვლილებები იგივე არაღიარების პოლიტიკის, სარეზერვო ენერგეტიკული წყაროების, ირანული ინვესტიციებისა და ტურიზმის თვალსაზრისით?

სიზუსტისთვის – მე არ გახლდით ირანთან მოლაპარაკებების ჯგუფის წევრი, არამედ უშიშროების საბჭოსთან არსებული ირანის მიმართ დაწესებული სანქციების ზედამხედველობის ჯგუფის უფროსი. პროფესიონალური წესებიდან გამომდინარე, ეს არის ის საკითხი, რომელზედაც ჯერჯერობით კომენტარებისგან უნდა თავი შევიკავო... ერთ რამეს ვიტყოდი მხოლოდ, რომ საქართველოს ევალება, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრს და როგორც სხვა გაერთიანებული ერების წევრებს, გაეროს რეზოლუციების აღსრულება და, მეორეს მხრივ კი, როგორც მეზობელს, ამ რეგიონის მკვიდრ ქვეყანას, რომელსაც ყოველთვის შეეძლო, თუნდაც მტრულ პერიოდებში, მოლაპარაკება მათთან. საქართველოს გააჩნია ჯერ გამოუყენებელი საშუალებები, რომ საინტერესო და ღირებული როლი შეასრულოს, როცა ირანთან მოლაპარაკებები გადავა სხვა ეტაპზე... საერთოდ, ვიტყოდი, რომ საქართველოს გააჩნია არაორდინალური უნარი და შესაძლებლობები, რომ ითამაშოს ბევრად უფრო აქტიური როლი ამ უაღრესად დაძაბულ რეგიონში.

საერთაშორისო იზოლაციის საფრთხეზე ვისაუბროთ – სულ უფრო ხშირად კეთდება პარალელები მერაბიშვილსა და ტიმოშენკოს შორის. უცხოელი პოლიტიკოსების ნაწილს რჩება შთაბეჭდილება, რომ მერაბიშვილის საქმეში არის პოლიტიკური ნიშნით განსხვავებული მიდგომა, მაგალითად, იგივე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის ფონზე. რამდენად არსებობს იზოლაციის საფრთხე?

იზოლაციის საფრთხე არ არის დაკავშირებული მერაბიშვილის ან სხვა საქმესთან. და ვერ ვხედავ პარალელს ტიმოშენკოს და მერაბიშვილის შორის. ტიმოშენკოს, რომელსაც პერსონალურად ვიცნობ, არ აბრალებდნენ ადამიანთა უფლებების დარღვევას და თავისი მოსახლეობისთვის არ გამხდარა ოდიოზური ფიგურა. მისი დასჯა ფინანსური მოტივებით გამყარებულ აშკარა პოლიტიკურ სანქციას ემსგავსება. რაც ეხება მერაბიშვილს, სწორედ იმისათვის, რომ ეს გაუმართავი პარალელი არ გაკეთდეს, ვიქნებოდი მომხრე, რომ ჯერ სასამართლო პროცესის და შემდგომ დაჭერის მომსწრეები ვყოფილიყავით. მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის სამაგალითო სასამართლოები, რომლებიც, როგორც ეს ხდება სხვა დასავლეთის ქვეყნებში, ყოველდღიურად ვითარდება ხალხის და ჟურნალისტების თვალწინ და სადაც გაშიშვლებული იქნებოდა ის მეთოდები, რითაც ხელმძღვანელობდნენ წინა ხელისუფლების დროს, აუცილებელია. სანამ ასეთი სასამართლო არ შედგება, ჩვენ დავრჩებით ჭორის ქვეყნად. დემოკრატია იწყება, სადაც უდანაშაულობის პრეზუმფცია დაცულია, მაგრამ ასევე თავდება, სადაც იწყება დაუსჯელობის სინდრომი. ბალანსი ამ ორ პრინციპს შორის უნდა მოინახოს... იზოლაცია არაფერ შუაშია იმასთან, რომ ქვეყანაში უზარმაზარი უსამართლობის განცდა დაწესდა ამ ცხრა წლის მანძილზე და თუ ხალხმა არ დაინახა, რომ კანონის უზენაესობა დაბრუნდა და დამკვიდრდა, მაშინ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით იმ თვითნებურ რეაქციებს, როგორიც ეხლა ვნახეთ სამეგრელოში.

სტაბილურობა ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ სამართალის საფუძველზე და კანონის უზენაესობაზე დამკვიდრდება... სხვათა შორის, სწორედ ასეთი სტაბილურობის გარანტორიც უნდა იყოს ახალი პრეზიდენტი.

რას იტყვით დანაშაულის ზრდასთან დაკავშირებით – იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავედით. რა უნდა გაკეთდეს ამ კუთხით?

რომელ დანაშაულის ზრდაზე ლაპარაკობთ? ერთი არის ბუნებრივი ზრდა, როცა გადადიხარ პოლიციის რეჟიმიდან დემოკრატიულზე და ბუნებრივად შიშის ფაქტორი მცირდება და დამნაშავეების ქმედებები ზოგჯერ უფრო გაბედული ხდება. სამწუხაროდ, ეს არის ჩვეულებრივი დილემა დემოკრატიას და ავტორიტარიზმს შორის და ტოტალიტარულმა ქვეყნებმა დამნაშავეები არ იციან, ყველა ისჯება და სუფევს „წესრიგი"... არა მგონია, რომ ან თქვენ და ან მე ასეთი ხელოვნური სიწყნარის სურვილი ან ნოსტალგია გვქონდეს... სამაგიეროდ, მე პირადად ძალიან მადარდებს ნარკომანიის გავრცელების გაზრდილი მონაცემები, რომელიც დაკავშირებულია ახალი სუბსტანციების შემოტანასთან. ეს უთუოდ მოითხოვს მკაცრ რეაგირებას ხელისუფლებისაგან და საზოგადოების მხრიდან მეტ ყურადღებას და გათვითცნობიერებას... მე მიკვირს, რომ საქართველოში ტელეარხები და, პირველ რიგში საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასეთი შემეცნებითი გადაცემებით არ არის დაკავებული, რომ ახალგაზრდებს გავაცნოთ დეტალურად და კონკრეტულად, თუ რა საფრთხეებს ეთამაშებიან! ესეც, როგორც ადამიანის უფლებების და ქვეყნის განვითარების გარანტორი, მგონი, შედის იმ კომპეტენციების რიგში, რომლითაც შეიძლება მომავალი პრეზიდენტი დაკავებულ იყოს, მე ამ საკითხს ნამდვილად ვუყურებ, როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტს და ყველა ძალღონეს მოვიხმარ, რომ დავძლიოთ ის, რაც წარმოადგენს საქართველოს ყველაზე დიდ და ფარულ მტერს!

კომენტარები