აშშ-რუსეთი

ობამა: აშშ პაუზას აიღებს და რუსეთთან ურთიერთობას გადახედავს

Obama and Putin at a G8 summit meeting in Northern Ireland
EPA


პრეზიდენტ ობამას თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან პაუზა უნდა აიღოს და ურთიერთობებს გადახედოს. როგორც პრეზიდენტმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეერთებულ შტატებს მუდამ ქონდა უთანხმოება რუსეთთან და ედვარდ სნოუდენის ეპიზოდი მხოლოდ მორიგია იმ გასხვავებებს შორის, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის დაგროვდა:

„ბოლო ეპიზოდი მორიგია იმ განსხვავებებს შორის, რომელიც ბოლო თვეებში სირიის და ადამიანის უფლებების გარშემო გაჩნდა. უმჯობესი იქნება, თუ პაუზას ავიღებთ და ახლებურად შევხედავთ, საით მიდის რუსეთი, რა არის ჩვენი მთავარი ინტერესები და დავარეგულირებთ ურთიერთობას ისე, რომ ჩვენი ქმედებები კარგი იყოს შტატებისთვის და ვიმედოვნებ, რუსეთისთვისაც. ვაღიარებთ, რომ არსებობს განსხვავებები და ჩვენ მათ მთლიანად ვერ დავფარავთ".

ობამამ ისიც აღნიშნა, რომ მოსკოვში პუტინთან შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზი მხოლოდ რუსეთის მიერ ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემა არ არის. უთანხმოების საკითხებს შორის ობამა სირიას, ადამიანის უფლებებსა და რუსეთში ჰომოსექსუალთა მიმართ დისკრიმინაციული კანონების მიღებას ასახელებს.

„ჩვენი გადაწყვეტილება, არ მიგვეღო მონაწილეობა სამიტში არ უკავშირდებოდა მხოლოდ სნოუდენს. რუსეთი ვერ წავიდა წინ უამრავ საკითხში, რომელშიც ჩვენი აზრით, წინსვლა უნდა ჰქონოდა... არ ვფიქრობ, რომ სწორი იქნება ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადება. მრავალი ამერიკელი ამისთვის ბევრს ვარჯიშობს, ყველაფერს აკეთებს, რომ იქ წარმატებას მიაღწიოს. არავის წყინს ჩემზე მეტად ანტი-ჰომოსექსუალური კანონები, რომელიც რუსეთში მიიღეს, ამ საკითხზე ჩვენი მოსაზრებები ძლიერ განსხვავდება. ველი, რომ გეი და ლესბოსელი სპორტსმენები ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდებიან რაც ხელს შეუწყობს მსგავი მიდგომების შეცვლას". - ამბობს ობამა.

ობამამ პუტინის ქცევის მანერა საკლასო ოთახის ბოლოში მჯომ ბავშვს შეადარა და თქვა, რომ მასთან ცუდი პირადი ურთიერთობა არ აქვს:

„პუტინთან ცუდი პირადი ურთიერთობა არ მაქვს. ისინი ხშირად კონსტრუქციულები არიან. ვიცი, რომ პრესას მოსწონს სხეულის ენაზე აქცენტის გაკეთება და მას აქვს მანერა, როდესაც მობეზრებულ ბავშვს გავს, რომელიც საკლასო ოთახის ბოლოში ზის, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ხშირად ერთობლივი საუბარი ძალიან პროდუქტიულია."

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აპირებს, შეზღუდოს შტატების სადაზვერვო პროგრამები, თუმცა ეს მის დამოკიდებულებას არ ცვლის სნოუდენისადმი, რომელიც, ობამას შეფასებით, „პატრიოტი არ იყო".

 

კომენტარები