საქართველოს XXV-ე ჩემპიონატი / I ტური

დინამო თბილისმა ზესტაფონი 93-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა

დინამო თბილისი

10 და 11 აგვისტოს, საქართველოს XXV-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. ცენტრალურ შეხვედრაში, ერთმანეთს დინამო თბილისი და ზესტაფონი დაუპირისპირდნენ. მატჩი, რომელიც 11 აგვისტოს, დინამო არენაზე გაიმართა, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. 

დინამოელები, ევროტურნირებზე მონაწილეობენ და შესაბამისად, სავარაუდო იყო, რომ მეტოქეზე მეტად შეთამაშებულები და უკეთეს ფორმაში უნდა ყოფილიყვნენ. ზესტაფონმა გასული სეზონის დასასრული ძლივს ჩაამთავრა, ფინანსური პრობლემები შეექმნა და მხოლოდ ცოტა ხნის წინ გადაწყდა, რომ კლუბი არსებობას არ შეწყვეტს. ზესტაფონს ახალი მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს, რომლებმაც ერთად მხოლოდ რამდენიმე მატჩის გამართვა მოასწრეს. ამ ფაქტორების მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ ზესტაფონელებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და რომ არა მატჩის ბოლოს დაშვებული უხეში შეცდომა დაცვაში, თბილისიდან ქულის გარეშე არ დაბრუნდებოდნენ. მატჩი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა სტუმრები პრესინგს მიმართავდნენ და  უპირატესობის დაუფლების საშუალებას, მასპინძლებს არ აძლევდნენ. აღსანიშნავია, რომ ზესტაფონის მწვრთნელმა რადკო დოსტანიჩმა, მოედანზე ორი ფორვარდი - გიორგი ადამია და ირაკლი ქობალია გამოიყვანა, დუშან უჰრინის გუნდში კი ჯაბა დვალთან ერთად, ძირითად შემადგენლობაში იყო პატრიკ ვუო. ამის მიუხედავად, პირველი გოლი 27-ე წუთზე ნახევარმცველმა გაიტანა და ეს გიორგი მერებაშვილმა შეძლო. დინამოს 10-მა ნომერმა, მარცხენა ფლანგიდან ტექნიკური ილეთის მეშვეობით შეიწია საჯარიმოსკენ, საიდანაც ტექნიკურად და ძლიერად დაარტყა, კვასხვაძემ კი ბურთის მოგერიება ვერ შეძლო - 1:0. ლამაზი გოლის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ მერებაშვილის დარტყმული სულაც არ იყო აუღებელი და ზესტაფონელთა მეკარეს, ოდნავ უკეთ რომ ეთამაშა, ტაბლოზე კვლავ 0-0 ეწერებოდა. ამის შემდეგ, დინამოელებმა უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ზესტაფონელები ეპიზოდურად მაინც აქტიურობდნენ და მასპინძლებს, მოდუნების საშუალებას არ აძლევდნენ. მეორე ტაიმი, რადკო დოსტანიჩის ფეხბურთელებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე 47-ე წუთზე, ანგარიშიც გახსნეს. მარცხენა ფლანგიდან ჭანტურიშვილის ჩაწოდებული ბურთი, ახალგაზრდა დინამოელმა გველესიანმა ცუდად მოიგერია და ირაკლი ქობალიამ გიორგი ლორიას, ახლოდან გაუტანა. მართალია, გიორგი გველესიანს ევროტურნირებზე არ უთამაშია, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ დინამოს მცველების შეცდომით გოლი უკვე რამდენიმე თამაშია გადის და დუშან უჰრინს ამ სათამაშო რგოლის გამოსწორება, ნამდვილად სჭირდება. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, ზესტაფონელები ოდნავ მოდუნდნენ, უფრო სწორედ კი მასპინძლები გააქტიურდნენ მეტად, რადგან საკუთარ მოედანზე ფრე, ჩანდა რომ არ აკმაყოფილებდათ. 62-ე წუთზე, პატრიკ ვუოს ნაცვლად დორინ გოგა შემოვიდა, რომელსაც ორჯერ შეეძლო გოლის გატანა - ერთხელ 78-ე წუთზე, ხოლო შემდეგ - 90-ეზე. მატჩის მთავარმა არბიტრმა გიორგი ვადაჩკორიამ, შეხვედრას 5 წუთი დაამატა და თითქოს, მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, როდესაც ზესტაფონელთა საჯარიმოს სიახლოვეს, დავით ხოჭოლავამ კარგად იბრძოლა, ბურთი მოიპოვა და მარცხნივ ჩისკოს გადააწოდა. ესპანელმა, კვასხვაძეს მარცხენა კუთხეში, შესანიშნავად დაურტყა და 93-ე წუთზე დინამო დააწინაურა. ალბათ, დოსტანიჩი შეხვედრიდან სწორ დასკვნებს გამოიტანს, რადგან აშკარა იყო, რომ შეტევითი ხაზისგან განსხვავებით, ზესტაფონს დაცვაში პრობლემები აქვს. დარჩენილ დროში, არაფერი შეცვლილა და დინამომ, ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

აქვე, გთავაზობთ პირველ ტურში გამართული, დარჩენილი შეხვედრების ანგარიშებს:

მარტვილის მერანი - ცხინვალის სპარტაკი 2-1

ვიტ ჯორჯია - ლანჩხუთის გურია 3-0

ტორპედო ქუთაისი - რუსთავის მეტალურგი 1-1

ზუგდიდის ბაია - ჩიხურა 1-3

ბოლნისის სიონი - გორის დილა - 1-2

 

 

კომენტარები