საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი: ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს ამერიკელების მხარდაჭერას

ბიძინა ივანიშვილი
www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე მიღებას დაესწრო. ხომალდზე პრეზიდენტი სააკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ივანიშვილმა აშშ-ის ელჩთან, რიჩარდ ნორლანდთან და ხომალდის, BULKELEY-ის კაპიტანთან, მეტ ფილიპსთან ერთად სამხედრო ხომალდი დაათვალიერა, რის შემდეგაც პრემიერმინისტრმა იქ შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

"მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში შემოვიდა ჩვენი მეგობრისა და სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების გემი. სიმბოლურია, რომ მეექვსე ფლოტის გემზე ვიმყოფებით ახლა, რადგან 5 წლის წინ, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა, სწორედ ამ ფლოტის გემები შემოვიდნენ საქართველოს პორტებში ჩვენს მხარდასაჭერად. დღეს ეს მეგობრული ვიზიტია და მინდა ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენს პარტნიორებს.

ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, სულ საქართველოს გვერდითაა. ჩვენი მეგობრების დახმარებით საქართველო ქმნის თანამედროვე შეიარაღებულ ძალებს.

ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს ამერიკელების მხარდაჭერას 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც სამოქალაქო ომით დაუძლურებულ ქვეყანას ამერიკელმა ხალხმა ხელი გამოგვიწოდა და სასურსათო დახმარებას გვიგზავნიდა, და ეს დახმარება სწორედ საზღვაო გზით შემოდიოდა", - განაცხადა გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები