საპრეზიდენტო არჩევნები

ISFED პრემიერმინისტრს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

facebook.com

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საქართველოს პროკურატურას მიმართავს. ორგანიზაცია პრემიერმინისტრს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. 

მიმართვაში აღნიშნულია,რომ ბიძინა ივანიშვილმა, შუამთობა 2013 დღესასწაულის აღნიშვნისას, ახალდაქორწინებულ გუნდალაძეების ოჯახს საჩუქრად ბრილიანტის ბეჭედი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია 11 აგვისტოს აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა. ფაქტი ასევე ჩანს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ფოტომასალაში. ორგანიზაცია მოითხოვს, რომ აღნიშნული შემთხვევა პროკურატურამ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლონ და სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ.

სამართლიანი არჩევნების თქმით, თუ პრემიერმინისტრის მიერ გადაცემული საჩუქრის ღირებულება არ აღემატება 100 ლარს, შესაძლოა, სახეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გვქონდეს.

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის 25/2 მუხლის თანახმად, პარტიას ეკრძალება კანდიდატის,წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა. ამავე კანონის 34/2 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი სანქციის თანახმად, საარჩევნო მიზნით ფიზიკური პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უკანონო საჩუქრის, შემოსავლის მომსახურების მიღება, თუ ქონების (მომსახურების) ან გარიგების ღირებულება არ აღემატება 100 ლარს, გამოიწვევს პარტიის, პარტიის წარმომადგენლის, იურიდიული პირის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების (მომსახურების) ან შესაბამისი გარიგების ღირებულების ათმაგი ოდენობით და ფიზიკური პირის დაჯარიმებას შესაბამისი ღირებულების ორმაგი ოდენობით", - წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საჩუქრის ღირებულება 100 ლარს აღემატება, ქმედება, შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 164/1 მუხლის თანახმად, "საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ამომრჩევლისათვის ქონების გადაცემა ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე, ან ჯარიმით".

კომენტარები