კანონი

რას ნიშნავს სისტემური დანაშაული

ოთო კახიძე
0 კომენტარი

Nullum rimen, nulla poena sine lege

არ არსებობს დანაშაული და არც სასჯელი, კანონის გარეშე – აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად კანონის უზენაესობას დასავლური დემოკრატიის ქვეყნებში.

საქართველოს კანონმდებლობა ადგენს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად – ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

ანუ, დანაშაული რომ სახეზე გვქონდეს, ამისთვის საჭიროა:

ა) ქმედება იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ ეწინააღმდეგებოდეს კანონს;
ბ) მართლწინააღმდეგობა დაფიქსირებული იყოს სისხლის სამართლის კოდექსში;
გ) დანაშაულის ჩამდენი პირი მოქმედებდეს განზრახ ან გაუფრთხილებლად.

დანაშაული შეიძლება ჩადენილი იყოს ინდივიდუალურად ან თანამონაწილეობით, შესაბამისად, კანონი ადგენს დანაშაულის ჩამდენ სუბიექტთა წრეს:

1. ამსრულებელი – ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული;
2. ორგანიზატორი – ის, ვინც ყველაფერი მოაწყო ან ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას, აგრეთვე ის, ვინც შექმნა ორგანიზებული ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას;
3. წამქეზებელი – ის, ვინც დაიყოლია სხვა პირი განზრახი დანაშაულის ჩასადენად;
4. დამხმარე – ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას.

იმისთვის, რომ რომელიმე ზემოაღნიშნულ სუბიექტს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათი მხრიდან აუცილებელია განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედება.

დანაშაული და სასჯელი არის ინდივიდუალური. არ შეიძლება ადამიანს პასუხი მოსთხოვო სხვის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის. ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ჩინეთის იმპერატორმა ქინ ში უანგმა გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებისთვის ისჯებოდა არა მხოლოდ დამნაშავე, არამედ 9 თაობის სანათესავო, თავიანთი ოჯახებით.

ამგვარ პრაქტიკას მიმართავდნენ ფაშისტური გერმანიის გესტაპოელები, როდესაც ებრაელის შეფარებისთვის პასუხს სთხოვდნენ არა მხოლოდ „დამნაშავეს", არამედ მის ნათესავებსა და მეზობლებსაც კი. ამ მხრივ გამოირჩეოდა საბჭოთა კავშირის НКВД-ც, რომლის თანამშრომლებიც „ხალხის მტრებთან" ერთად ასამართლებდნენ მათი ოჯახის წევრებს.

აღნიშნული უსამართლობა აიკრძალა 1949 წლის ჟენევის მეოთხე კონვენციით, რომლის თანახმადაც, „არ შეიძლება ადამიანის დასჯა იმ ქმედებისთვის, რომელიც მას პირადად არ ჩაუდენია. კოლექტიური სასჯელები აკრძალულია".

სისტემური დანაშაული

სისტემური დანაშაულის ასოციაციებმა შეიძლება მიგვიყვანოს იმ რეჟიმებთან, რომლებიც კანონმდებლობისა და დეკლარირებული პოლიტიკის დონეზე აპრიორი ეწინააღმდეგებოდნენ ადამიანის ბუნებით უფლებებს. ასეთი იყო, მაგალითად, აპარტეიდის რეჟიმი სამხრეთ აფრიკაში, სადაც რასობრივი სეგრეგაცია და შავკანიანთა შევიწროება პოლიტიკის ოფიციალური მიმართულება იყო; ნაცისტური გერმანიის რეჟიმი, რომელიც აკანონებდა ებრაელთა გაზის კამერებში დახოცვას; ან, სულაც, ბოროტების იმპერიად ცნობილი საბჭოთა კავშირი, სადაც კანონიერი იყო კლასობრივი მტრების (ბურჟუაზია, სამღვდელოება, თავადაზნაურობა) განადგურება.

თანამედროვე ქვეყნები, რომლებიც კანონმდებლობით იცავენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, უნდა მივიჩნიოთ ნორმალურ სისტემებად, ვინაიდან ამ სტანდარტებიდან გადახვევა აღნიშნულ სახელმწიფოებში ისჯება კანონით.

ამ ნორმალურ ქვეყნებს შორისაა საქართველოც, რომელსაც რატიფიცირებული აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაცია და შესაბამისი კონვენციები, რომელიც არის რომის სტატუტის ხელმომწერი და რომლის სისხლის სამართლის კოდექსიც დასჯადად აცხადებს ყველა იმ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უზენაეს და წარუვალ უფლებებს.

შესაბამისად, ჩვენი სისტემა არის ნორმალური, ხოლო ადამიანები, რომლებიც ამ სისტემის ფარგლებში არღვევენ სისხლის სამართლის კოდექსის ნორმებს, არიან დამნაშავეები.

1949 წლის ჟენევის მეოთხე კონვენციით, რომლის თანახმადაც, „არ შეიძლება ადამიანის დასჯა იმ ქმედებისთვის, რომელიც მას პირადად არ ჩაუდენია. კოლექტიური სასჯელები აკრძალულია".

დამნაშავე შეიძლება იყოს 14 წელს მიღწეული ნებისმიერი ადამიანი – ტაქსის მძღოლი, დალაქი, მასწავლებელი, ბანკირი, ინსპექტორი, ეპისკოპოსი, წამყვანი სპეციალისტი, მრჩეველი, დეპარტამენტის უფროსი, მინისტრის მოადგილე, პრემიერმინისტრი თუ პრეზიდენტი.

იმისთვის, რომ ადამიანს დავაკისროთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, აუცილებელია, სასამართლოს წარედგინოს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ცნებაც – თუ პოლიტიკური თანამდებობის პირმა წარმატებით ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას (რაც არ ნიშნავს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა), იგი შეიძლება თავად გადადგეს ან გადააყენონ/გადაირჩიონ და მის ადგილას დაინიშნოს სხვა ადამიანი.

როგორ რეაგირებენ დასავლეთში დანაშაულებზე?

წელს ლონდონში დაიწყო იმ პოლიციელთა სასამართლო პროცესი, რომლებიც უკანონოდ უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ მოქალაქეებს – პოლიტიკოსებს, მსახიობებსა და სპორტსმენებს, აგრეთვე გახმაურებული დანაშაულის შედეგად დაზარალებულებს და მოპოვებულ ინფორმაციას ქრთამის სანაცვლოდ გადასცემდნენ ერთ-ერთ ტაბლოიდს. კომპლექსური გამოძიების შედეგად, დააკავეს სკოტლანდ იარდის 90-მდე თანამშრომელი, მათ შორის, ელიტარული დანაყოფის ოფიცრები.

გამოძიების თანახმად, უკანონო მოსმენები, თვალთვალი, მეილ და სმს მიმოწერის მოპოვება წლების განმავლობაში სისტემატურად ხორციელდებოდა. პროკურატურამ შეგროვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, კონკრეტულ ადამიანებს (მათ შორის, საშუალო და მაღალი თანამდებობის პირებს, აგრეთვე ჟურნალისტებს), წარუდგინა ბრალი და გაგზავნა საქმეები სასამართლოში.

პოლიციის უფროსმა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ აღმოუჩენიათ – დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ.

აბუ გრეიბის, მიჩიგანისა და მისისიპის ციხის სკანდალები

ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწამებდნენ ადამიანებს აბუ გრეიბში – ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის სპეციალიზებულ ციხეში სამხედრო ტყვეებისთვის. წამებაში მონაწილეობდნენ თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები. საზარელი დანაშაულის გახმაურების შემდგომ დაიწყო გამოძიება, უმაღლესი თანამდებობის პირებიდან მხოლოდ თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გადადგა, თუმცა მისი განცხადება პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აუღიათ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის და სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსებს. გამოძიებამ ამხილა დანაშაულის ჩამდენი კონკრეტული პირები, მიიღეს პრევენციული ზომები ამგვარი ქმედების თავიდან აცილების მიზნით.

მიჩიგანის ციხის თანამშრომლები, წლების განმავლობაში, სისტემატურად აუპატიურებდნენ ქალ პატიმრებს. სამწუხაროდ, სხვადასხვა დროს, ამ დანაშაულის შესახებ არსებულ სიგნალებს პროკურატურამ ყურადღება არ მიაქცია. საბოლოოდ, სახელმწიფომ აქაც პასუხისგებაში მისცა ცალკეული დამნაშავეები და დაზარალებულებს სოლიდური კომპენსაცია გადაუხადა.

სისტემატურად აწამებდნენ პატიმრებს მისისიპის ციხეშიც, აუპატიურებდნენ ახალგაზრდა მსჯავრდებულებს, წლების განმავლობაში ციხის თანამშრომლები საზარელი სისასტიკით ეპყრობოდნენ ადამიანებს. ამ ფაქტზე რეაგირებაც კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით მოხდა, პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები.

ამ მაგალითებით იმის თქმა მინდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, სადაც არსებობს ძლიერი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და მომთხოვნი სამოქალაქო სექტორი, პატიმართა წამების პრევენცია საკმაოდ რთულია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: დანაშაულისათვის მსჯავრდებულთა უფლებები ნაკლებად პრიორიტეტულია საზოგადოებისთვის, სახელმწიფო ცდილობს დაზოგოს საბიუჯეტო სახსრები პენიტენციარულ საკითხებზე, პრობლემას აღრმავებს სისტემის ჩაკეტილობა და ნაკლები საზოგადოებრივი მონიტორინგი, დაბალი კვალიფიკაციის სამუშაო პერსონალი – ეს ყველაფერი, ერთიანობაში, ზრდის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ალბათობას, რასაც ზოგჯერ სავალალო შედეგებამდე მივყავართ.

ადამიანთა წამება, აგრეთვე მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა მძიმე და საშიში დანაშაულებია და ყოველ ამგვარ შემთხვევას ესაჭიროება ადეკვატური სამართლებრივი ზომების გატარება. უნდა მოხდეს დანაშაულის ჩამდენი პირების მხილება. იმ შემთხვევაში, თუკი გამოძიებას ექნება მტკიცებულებები დანაშაულში მაღალი თანამდებობის პირთა მონაწილეობის შესახებ, უნდა წარედგინოს ბრალი ყველას, განურჩევლად პოზიციისა.
დანაშაულის ჩამდენი პირები უნდა დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით, რათა მოხდეს სამომავლოდ დანაშაულის პრევენცია. აგრეთვე, საჭიროა შეიქმნას ქმედითი მექანიზმები მეტი გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი მონიტორინგისათვის.

ამის ნაცვლად, ჩვენ დამახინჯებული სურათი მივიღეთ – გლდანის ციხეში, დროის კონკრეტულ მონაკვეთში, კონკრეტული ადამიანების მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები ადეკვატური რეაგირების გარეშე დარჩა. მთავარი ჯალათი – ვლადიმერ ბედუკაძე თავისუფალია, მას ნასამართლობაც კი არა აქვს. გაუმართლებლად ლმობიერი სასჯელი მიიღეს წამებაში მხილებულმა სხვა პირებმაც.

ყოველი მინიკრიზისის დროს ვიგებთ ათასობით ფაილის შესახებ, რომლებიც, შსს-ს თქმით, ზოგი კასრშია ნაპოვნი, ზოგიც სხვადასხვა სამალავებში. დღემდე გაურკვეველია, ვინ ამზადებდა ამ ფაილებს, რამდენია მათგან უკანონო, არასანქცირებული ღონისძიების შედეგი, რა მტკიცებულებები არსებობს წინა მთავრობის წევრთა შემხებლობის თაობაზე აღნიშნულ საქმესთან.

ამ ფონზე, მიმდინარეობს გაუთავებელი სპეკულაციები იმის შესახებ, რომ დანაშაულს სჩადიოდა „სისტემა" და ისმის ბრალდებები პოლიტიკური ოპოზიციის მისამართით. ყოველგვარი მტკიცებულებებისა და სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე, სხვადასხვა რანგის პოლიტიკოსები თუ ე.წ. უფლებადამცველები ითხოვენ „რეჟიმის", ნაციონალური მოძრაობის, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა გასამართლებას.

ყოველივე ამას კი არაფერი აქვს საერთო კანონის უზენაესობასთან. დანაშაულს სჭირდება რეაგირება, კონკრეტულ ბრალდებულთა იდენტიფიცირება, მტკიცებულებების შეგროვება და სასამართლოსთვის წარდგენა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები