უბედური შემთხვევა

ითხვისის მაღაროს დამუშავებისას ორი მაღაროელი დაიღუპა

timer.ge

ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში, ორი მაღაროელი, როლანდ ნოზაძე და იუზა სამხარაძე, დაიღუპა. შემთხვევა შახტის მეორადი დამუშავებისას მოხდა.

საქართველოს მეტალურგთა და მეშახტეთა პროფკავშირის თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე, ნეტგაზეთთან დაღუპვის მიზეზებზე საუბრობს.

"ეს მაღარო რამდენიმე ათეული წლის წინ დამუშვებული იყო. მოხდა მისი მეორედ გახსნა. ერთ-ერთ მონაკვეთში, როდესაც გაბურღეს და ააფეთქეს, აღმოჩნდა, რომ იყო ძალიან დიდი რაოდენობით წყალი დაგროვილი. სწორედ ამ წყალმა დაახრჩო ისინი", - თქვა დოლაბერიძემ.

დოლაბერიძემ ასევე აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა მაღაროს ადმინისტრაციას ეკისრება.

"სანამ დაიწყებდნენ მიწისქვეშა სამუშაოებს, გეოლოგების ჯგუფს უნდა ჰქონოდა შესწავლილი, რა ხდებოდა ამ მაღაროს გრუნტის შიგნით. ყოველ შემთხვევაში, იყო თუ არა იქ წყალი, ამის დადგენას მინიმალური სამუშაოების ჩატარება სჭირდებოდა. შესაბამისად, ადმინისტრაციის დაუდევრობის ბრალი იკვეთება", - ამბობს დოლაბერიძე.

კომენტარები