ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: აფხაზეთის ომში რუსეთის როლის არდანახვა ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება

primetimenews.ge

აფხაზეთის ომში რუსეთის როლის არდანახვა უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიორგი კანდელაკი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის მიერ აფხაზეთში ომის დაწყების 21-ე წლისთავთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

გიორგი კანდელაკმა ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ზაქარეიშვილი თავისი უწყების განცხადებაში საერთოდ არ ახსენებს რუსეთის როლს აფხაზეთის ომში.

"ყველასთვის, განსაკუთრებით კი, იმ ავბედითი მოვლენების თვითმხილველი ასიათასობით ჩვენი თანამემამულისათვის კარგადაა ცნობილი, რომ რუსეთმა გადამწყვეტი როლი შეასრულა, როგორც კონფლიქტის ინსპირირებაში, ასევე საკუთრივ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ აქტიურად აიარაღებდნენ, ე.წ. აფხაზურ ფორმირებებს, რომელთაც რუსეთისვე აგენტები ედგნენ სათავეში, არამედ თავად მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში. გუდაუთაში განლაგებული რუსეთის ავიაცია გამუდმებით ბომბავდა ქალაქ სოხუმს, რის შედეგადაც დაიღუპა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე", - განაცხადა კანდელაკმა.

კანდელაკის თქმით, სოჭის 1993 წლის კაბალური ხელშეკრულება რუსეთმა საქართველოს თავს მოახვია. ამის გამო საქართველოს მოუწია აფხაზეთიდან მძიმე ტექნიკის გამოყვანა, შემდეგ კი რუსეთმა თავად დაარღვია ხელშეკრულების პირობები.

"ცხადია, საქართველომ დაუშვა არაერთი შეცდომა. ცხადია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ადამიანების განწყობა ქართული სახელმწიფოს მიმართ არ არის დადებითი, რის გამოსწორებასაც ხანგრძლივი, მრავალვექტორიანი ძალისხმევა და მოთმინება სჭირდება. მაგრამ, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაში, ეთნიკურ წმენდაში და ამ წმენდის შედეგების დაკანონების მცდელობაში რუსეთის როლის არდანახვა უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ, არის არა მხოლოდ საკუთარი თავის დაბრმავება, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება", - განაცხადა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა აფხაზეთის ომის დაწყების 21 წლისთავთან დაკავშირებით დღეს, 14 აგვისტოს, განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს ქართველები და აფხაზები ტრაგიკული მოვლენების მორიგ წლისთავს აღვნიშნავთ. 21 წლის წინ დაწყებული ომი უმძიმეს შედეგებს ამ დრომდე იმკის. ეს ომი იყო დიდი შეცდომა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო. საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტის თავიდან აცილება ახლადშექმნილმა სახელმწიფომ და ქვეყნის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო. საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს ორივე მხარემ განიცადა დიდი დანაკარგი და წარმოუდგენელი ადამიანური ტრაგედიები. ამასთან, ომმა გამოიწვია ასობით ათასი ადამიანის დევნილობა.

პოსტსაბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, დიდი მატერიალური და ფსიქოლოგიური ზიანი, რომელმაც ხანგრძლივი კვალი დატოვა ქართულ და აფხაზურ საზოგადოებაში. გვინდა, პატივი მივაგოთ ყველა დაღუპულის ხსოვნას, მივუსამძიმროთ ყველა ოჯახს, ქართველებსა და აფხაზებს.

პირველ ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ უარი თქვა მასზე თავსმოხვეულ, აგრესიულ და მილიტარისტულ პოლიტიკაზე. საქართველო უკვე აღარაა ის სახელმწიფო, რომელიც იყო 21 წლის წინ. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მზადაა აფხაზებისა და ოსების ინტერესების დასაცავად და გულწრფელად დაინტერესებულია მათთან მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლების შექმნით. 2013 წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც დაადასტურა ცალმხრივი ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი ხელისუფლების კონფლიქტების მოწესრიგების მშვიდობიანი, კონსტრუქციული და პრაგმატული კურსისადმი ერთგულებას.

ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა მოვძებნოთ გამოსავალი და ვიზრუნოთ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული მომავლის მშენებლობაზე, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია. დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით, გასულ საუკუნეში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები აღარასოდეს განმეორდება".  

 

კომენტარები